სარდინიაში, კალა გონონეს აკვარიუმში ფრიად იშვიათმა შემთხვევამ იჩინა თავი. Agenzia Italia-ის ცნობით, Mustelus mustelus სახეობის ზვიგენმა პატარა ზვიგენი გააჩინა აკვარიუმში, სადაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მამრობითი სქესის ზვიგენის ჭაჭანება არ ყოფილა. მოვლენით შესაძლოა დამტკიცდეს, რომ ეს ამ კონკრეტული სახეობის ზვიგენებში პართენოგენეზის პირველი შემთხვევაა. ახალშობილს Ispera შეარქვეს, რაც სარდინიულად "იმედს" ნიშნავს.

ნავარაუდევია, რომ გასაოცარი მოვლენა პართენოგენეზს მიეწერება — მოვლენა, რომელიც ბერძნულად "ქალწულებრივ დაბადებას" ნიშნავს და უსქესო გამრავლების ფორმაა, როდესაც კვერცხუჯრედი განაყოფიერებისთვის სპერმატოზოიდს არ საჭიროებს. პართენოგენეზი შესაძლოა რეპტილიებში, თევზებსა და ჩიტებშიც კი შეგვხვდეს — სახეობებში, რომლებიც, როგორც წესი, სქესობრივი გზით მრავლდებიან. მოვლენა განსაკუთრებით მაშინაა ხშირი, როდესაც პოპულაცია ნაკლებად მჭიდროა და მდედრებს პარტნიორის პოვნის ნაკლები შანსი აქვთ.

მაშინ, როცა პართენოგენეზი სხვა ზვიგენებსა და სკაროსებში, მათ შორის Sphyrna tiburo-თან, Carcharhinus limbatus-სა და ზებრისებრ ზვიგენთან აქამდეც შეუნიშნავთ, Mustelus mustelus სახეობის ზვიგენებს ეს არასოდეს გაუკეთებიათ, რამდენადაც მეცნიერებისთვის ცნობილია. დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა მოვლენა იმის მტკიცებულებად მიიჩნიონ, რომ პართენოგენეზს Mustelus mustelus სახეობის ზვიგენებიც იყენებენ.

ამ ტიპის გამრავლების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მახასიათებელი ისაა, რომ კვერცხუჯრედი სხვა ჯერაც უმწიფარი კვერცხუჯრედის უჯრედით ნაყოფიერდება, რომელიც, რეალურად, სრულებით საპირისპიროდ იქცევა — თითქმის სპერმასავითაც კი. ამ შემთხვევაში ემბრიონი იგივე გენეტიკური თანმიმდევრობით მზადდება, ამიტომაც შთამომავალი ყოველთვის მდედრობითი სქესისაა, რადგან ჩასახვის პროცესში Y ქრომოსომა არ მონაწილეობს. გამომდინარე იქიდან, რომ გენეტიკური მრავალფეროვნება არაა, ნაშიერი დედის აბსოლუტური ასლი გამოდის. შთამომავლის გენეტიკური თანმიმდევრობა იმ ინდივიდებისას წააგავს, რომლებიც ახლო მონათესავე ინდივიდების შეჯვარებით გაჩნდნენ და ჩვეულებრივ იმაზე სუსტი ჯანმრთელობისები არიან, ვიდრე ნორმალური შთამომავლობა. საბედნიეროდ, ცნობილია, რომ Ispera ჯანმრთელია და ნორმალური ცხოვრებით იცხოვრებს.

Live Science-თან საუბრისას დემიან ჩეპმენმა, ზვიგენთა და სკაროსთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა მოტე მარინეს ლაბორატორიასა და აკვარიუმში, რომელიც ფლორიდაში მდებარეობს, განაცხადა, რომ ველურ ბუნებაში პართენოგენეზი შესაძლოა უკანასკნელი შანსი იყოს მდედრებისთვის, რომლებიც პარტნიორს ვერ პოულობენ. აკვარიუმებში მამრებისგან განცალკევებამ ან ხანგრძლივმა იზოლაციამ შესაძლოა მდედრებში ეს ბუნებრივი რეაქცია აღძრას.

ამჟამად, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა. კალა გონონეს აკვარიუმის საზღვაო ბიოლოგებმა დედისა და ნაშიერის დნმ-ის ნიმუშები უკვე გაგზავნეს დამატებითი ანალიზისთვის, რათა მისი ჭეშმარიტება დადასტურდეს.

მაშინ, როდესაც პართენოგენეზი, შესაძლოა, შეჯვარების მცირე შანსების ბუნებრივი გამოძახილი იყოს, ფენომენი ჩვეულებრივ პოპულაციებზე კლიმატის ცვლილებიდან მიყენებული ზარალიდან გამომდინარეობს. ამასთანავე, გადამეტებულ თევზაობისა და სახეობათა ექსტრემალური იზოლაციის გამო, ზოგიერთ ცხოველს ავისმომასწავებელ პირობებთან გასამკლავებლად უსქესო გამრავლება "უწევს".

მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, კარგი გამოსავალი გეჩვენოთ, ხანგრძლივ პერსპექტივაში ამგვარი ტიპის გამრავლება სტაბილური სულაც არ არის, ჩვენ კი შეგვიძლია საფრთხეში მყოფ სახეობებს ჯანსაღი საარსებო გარემოს შექმნაში დავეხმაროთ, სადაც ბუნებრივად შეძლებენ გამრავლებას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.