საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და მოსალოდნელი მისი "გადაჭარბებით შესრულება", რაც საშუალებას აძლევთ, უფრო სწრაფად შეამცირონ ვალის აღების მაჩვენებელი. ასე განმარტავს სამინისტრო მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი თქვას ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე.

"როგორც ცნობილია, 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად, უკვე შევამცირეთ შიდა ვალის აღება და წელს ვფარავთ 150 მლნ ლარის ოდენობის შიდა ვალს. დამატებითი შემოსავლები გვაძლევს საშუალებას, 2021 წელს ნაწილობრივ შევამციროთ საგარეო ვალის აღებაც", — ვკითხულობთ განცხადებაში.

მათი მტკიცებით, ყველა სახის განცხადება პარტნიორებთან თანამშრომლობის შეწყვეტასა და რეფორმების დღის წესრიგის ცვლილებაზე, უსაფუძვლოა. უწყება აცხადებს, რომ პარტნიორებთან მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა, ხოლო მათი დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი.

"საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორებთან ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად საჭირო ფინანსური რესურსების მოსაზიდად. მათ მიერ გამოყოფილი მხარდაჭერის შედეგად, ქვეყანაში განხორციელდა არაერთი სტრუქტურული რეფორმა.

საქართველოს ჰქონდა ძალიან წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე მაღალი ნდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. შედეგად, ქვეყანამ ჯამში მოიზიდა 2 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის დახმარება, რამაც შესაძლებელი გახადა სრულად დაგვეფინანსებინა პანდემიის საპასუხო ღონისძიებები და შეგვენარჩუნებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა", — აცხადებენ უწყებაში.

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილი აქვთ, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავონ, რადგან მთავრობამ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და ამ თანხის მიღების აუცილებლობა, სავარაუდოდ, აღარ იქნება. მანამდე, 30 აგვისტოს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარებას "ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს". დახმარების არგამოყოფის შემთხვევაში პოლიტიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით კი კობახიძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას ეს გაცნობიერებული აქვს და ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, "მაგრამ ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე მოქმედებს ქვეყნის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად".

24 აგვისტოს, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რეფორმები ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. მისივე თქმით, "მოსალოდნელი მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში".