კორონავირუსის პანდემიის გამო ჩვენს ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა უფრო რთული გახდა. გამონაკლისი არც ავსტრალიელი ფერმერი ბენჟამინ ჯექსონია, რომელმაც ვირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამო დეიდის დაკრძალვაზე ჩასვლა ვერ მოახერხა. ამის სანაცვლოდ ბენმა გადაწყვიტა, დეიდას საოცარი სანახაობით გამომშვიდობებოდა.

ბენმა ფერმაში ცხვრის საჭმელი ისე დაყარა, რომ შეჯგუფებულ ცხვრებს გული "დაეხატათ". რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ბენმა მონახაზი შექმნა და ცხვრები გაუშვა. მან ეს შთამბეჭდავი კადრები დრონით დააფიქსირა.

"შეუძლებელი იყო, რომ მასთან ჩავსულიყავი, მენახა, დავმშვიდობებოდი ან დაკრძალვაზე წავსულიყავი, ამიტომ თავს უიმედოდ, უსუსურად ვგრძნობდი — არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. რადგანაც ცხვრებისთვის ისედაც უნდა მიმეცა საჭმელი, უბრალოდ გადავწყვიტე, რომ მიწაზე დიდი გული დამეხატა, რომელიც, გულწრფელად რომ გითხრათ, მისას ნამდვილად ვერ შეედრება", — ამბობს ბენი.

ბენ ჯექსონს "ცხვრების ხელოვნება", როგორც ამას თავად უწოდებს, აქამდეც შეუქმნია და დეიდას მისი ნამუშევრები ძალიან მოსწონდა. ბენის თქმით, დეიდა ამ ჩანაფიქრს აუცილებლად მოუწონებდა და ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გაღიმებული ადამიანების დანახვაც ძალიან გაახარებდა.