გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც თალიბანს მოუწოდებს, ავღანეთი არ იქნას ტერორიზმის თავშესაფრად გამოყენებული და შეასრულოს ვალდებულება, რომლითაც ყველა მსურველმა ავღანეთის თავისუფლად და უსაფრთხოდ დატოვება შეძლოს. რეზოლუციას მხარი ყველამ დაუჭირა, რუსეთის და ჩინეთის გარდა. მათ თავი შეიკავეს.

"უშიშროების საბჭო თალიბანისგან მოელის, რომ მან შეასრულოს აღებული ვალდებულება და უზრუნველყოს უსაფრთხოება იმ ავღანელებისა თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა, რომელთაც ავღანეთის დატოვება სურთ, დღესაც, ხვალაც და 31 აგვისტოს შემდეგაც", — განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

საუბარია თალიბანის მიერ 27 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც დაჯგუფებამ თქვა, რომ ავღანელები შეძლებენ საზღვარგარეთ მოგზაურობას და ქვეყნის ნებისმიერ დროს დატოვებას, როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით.

გარდა ამისა, რეზოლუცია ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევასაც ითვალისწინებს.