Apple Watch წლებია ვიზუალურად დიდად არ განახლებულა. ის წელს პირველად მიიღებს ახალ დიზაინსა და ეკრანს. Bloomberg-ის ჟურნალისტის, მარკ გურმანის თქმით, Apple Watch Series 7-ს უფრო ბრტყელი ეკრანი და გვერდები ექნება. როგორც ჩანს, Apple მიჰყვება თავის ახალ დიზაინერულ ხაზს და ყველა პროდუქტის დაბრტყელებას ცდილობს.

გაჟონილი ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ ეკრანის ზომა მცირედით დიდი იქნება ვიდრე ის Series 6-ში იყო. სავარაუდოდ გაიზრდება უშუალოდ საათის კორპუსის ზომაც თითო მილიმეტრით. შესაბამისად ისინი 41mm და 45mm-იანები იქნებიან. გასულ კვირას გავრცელებული ფოტოების მიხედვითაც, ზომები სწორედ ასეთი იქნება.

გარდა ვიზუალური ცვლილებებისა, Series 7 ეფლის საათებს შორის ყველაზე სწრაფ პროცესორსაც მიიღებს. წელს ჯანმრთელობაზე გათვლილი განახლებები ბევრი არ იქნება, Apple-მა შესაძლოა სხეულის ტემპერატურის საზომი სენსორი მომავალ წელს გვაჩვენოს.

Apple აგრძელებს თავის 3 წლიან ციკლს. ყოველ სამ წელში ერთხელ ჩვენ ძირეულ განახლებებს ვხედავთ. ბოლოს Apple Watch-ის დიზაინი ძირეულად Series 4-ში შეიცვალა და Series 6-მდე ფაქტობრივად ერთნაირი დიზაინით გამოდიოდა.

ჩვეულებისამებრ, Apple ახალ საათებს სექტემბერში აანონსებს ხოლმე, შესაბამისად Series 7-ის გამოსვლის დღე შორს არ უნდა იყოს. გასული წლის Series 6 და SE საათები სწორედ ეფლის სექტემბრის ღონისძიებაზე დაანონსდა, მაშინ როდესაც iPhone 12-ის გამოსვლა ოქტომბრამდე გადადეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე