იუსტიციის მინისტრი ომბუდსმენის ოფისს და ადვოკატთა ასოციციას მოუწოდებს, გამოყონ წარმომადგენლები, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგს განახორციელებენ და საზოგადოებას ციხეებში კოვიდვითარების შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწოდებენ. ამის შესახებ განცხადება რატი ბრეგაძემ საკორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

"მზად ვართ, საზოგადოებას მივაწოდოთ კიდევ უფრო მეტად დეტალური ინფორმაცია და ამისთვის მინდა, ვთხოვო როგორც სახალხო დამცველის ოფისს, ასევე ადვოკატთა ასოციაციას, რომ გამოუშვან წარმომადგენლები და გაეცნონ, როგორ მიმდინარეობს პატიმრების მკურნალობის პროცესი", — აცხადებს ის.

მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში ამ ეტაპზე არის 96 აქტიური შემთხვევა, რაც პატიმრების სრული რაოდენობის 1%-ია. აქედან 56 პაციენტი მკურნალობს კლინიკა ვივამედში და 40 — ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკარანტინე სივრცეში.

"აქტიური შემთხვევები ძირითადად არის ე.წ. მიმღები დაწესებულებებიდან, გამოვლენილი იქნა საკარანტინე სივრცეებში და ბუნებრივია, ჩვენ აღვკვეთეთ შემდგომი გავრცელება", — ამბობს ის.

ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ პატიმრების სრული რაოდენობის 70%-ზე მეტი და თანამშრომლების 80%-ზე მეტი უკვე არის ვაქცინირებული, რაც ამცირებს ვირუსის ციხეებში გავრცელების რისკებს.

"სეტემბრის ბოლოსკენ სასჯელაღსრულების სისტემა პრაქტიკულად სრულად იქნება ვაქცინირებული და გახდება ე.წ. მწვანე დაწესებულება", — აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

გარდა ამისა, როგორც ბრეგაძე განმარტავს, პატიმრები თვეში ორჯერ პისიარტესტით იტესტებიან და, თუკი გამოვლინდება აქტიური შემთხვევა, ტესტირება კიდევ უფრო ხშირი რეჟიმით ხდება.

ის ასევე გამოეხმაურა პატიმართა ოჯახის წევრების წუხილს, რომ მათ პატიმრების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას არ აწვვდიან.

"ადვოკატები წინასწარ არიან იფორმირებული ყველა იმ წესის შესახებ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს პატიმართან ვიზიტი. ოჯახის წევრებს აქვთ პატიმართა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და, თუკი ცალკეულ შემთხვევებში არის დარღვევა, ამაზე იქნება რეაგირება", — აცხადებს რატი ბრეგაძე.

რაც შეეხება პანდემიის პირობებში პატიმართა ამნისტიის ან შეწყალების საკითხს, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ის ამბობს, რომ ეს საკითხები პრეზიდენტის და პარლამენტის გადასაწყვეტია.