ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ისევ ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება და სახეზეა, უპრეცედენტო ზრდა. მისი თქმით, ეს რიგით ოჯახებსაც შეეხება, რადგან გაზრდილი ეკონომიკა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

"ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ეკონომიკა არ ჩერდება. ეკონომიკა ვითარდება და მართლაც, უპრეცედენტო ზრდა არის. რიგითი ადამიანებისთვისა და ოჯახებისთვის ეს ნიშნავს, რომ ისინი აღარ დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ხელფასები, ანუ საარსებო წყარო იარსებებს უფრო მზარდად, რადგან განვითარებული ბიზნესი ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს", — განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა ეკონომიკური ზრდის უახლეს მონაცემებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში კვლავინდებურად გრძელდება "ეკონომიკური გამოცოცხლება, გაჯანსაღება და განვითარება".

"დღეს გამოქვეყნდა ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, საკმაოდ მაღალი — 9,9%. ამდენით არის გაზრდილი 2021 წლის ივლისში ეკონომიკა, წინა წელთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავინდებურად ეკონომიკური გამოცოცხლება, გაჯანსაღება, განვითარება გრძელდება. ეს გვაძლევს რწმენას, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ კარგი მაჩვენებლები და ვვარაუდობთ ორნიშნა ზრდას", — განაცხადა ნათია თურნავამ.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ივლისში ეკონომიკის 5,5%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. აქედანა გამომდინარე, მიმდინარე მონაცემების დათვლისას მნიშვნელოვანია ე.წ. საბაზისო ეფექტის გათვალისწინება. სწორედ ამიტომ, სრული სურათის სანახავად არსებული მაჩვენებლები 2019 წლის მონაცემებსაც უნდა შევადაროთ. თუ ამას გავაკეთებთ, ვნახავთ, რომ 2021 წლის ივლისში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა გაზრდილია 3,9%-ით.