ფიშინგის შესახებ ვრცლად ამ სტატიაში ვისაუბრეთ: 4 რამ ინტერნეტ-უსაფრთხოების შესახებ, რაც ყველამ უნდა იცოდეთ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ფიშინგი არის მეთოდი, რომლის დროსაც, ონლაინ-კრიმინალები ქმნიან ყალბ ვებსაიტებს, გავსებინებენ იქ არსებულ ველებს და თქვენივე ხელით გართმევენ მათთვის სასურველ ინფორმაციას.

ასეთი სქემა, ძირითადად, ფეისბუქზე გვხვდებოდა, მაგრამ ახლა ახალი ტალღა Gmail-საც მოედო და მომხმარებლები ადვილად ტყუვდებიან. ჩვენ გადავწყვიტეთ, გიამბოთ ამ სქემის შესახებ და თავიდან აგარიდოთ თქვენი მონაცემების არაკეთილსინდისიერი ადამიანებისთვის უნებლიედ გადაცემა.

საქმე ისაა, რომ ადამიანთა გაურკვეველი ჯგუფი ქმნის სხვადასხვა ანგარიშს, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, რომელიმე ცნობილი კომპანიის ან სულაც თქვენი ახლობლისა და ნაცნობის ელ-ფოსტის მსგავსი მისამართია. შემდეგ ისინი აგზავნიან უამრავ წერილს, რომელსაც, თითქოს დანართი აქვს ფაილის სახით. მაგალითად ასე:

წერილში ათასი რამ შეიძლება ეწეროს. მაგალითად, ის, რომ საჭიროა თქვენი ანგარიშის ვერიფიკაციისთვის ამ ინვოისს გადახედოთ ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც ამ მიმაგრებულ ფაილზე დაგაკლიკინებთ.

საქმე ისაა, რომ ეს მიმაგრებული ფაილი სულაც არაა ფაილი. სინამდვილეში ეს არის გრაფიკული ფაილი (ფოტო, სკრინშოტი, და ა.შ.), რომელსაც მიბმული აქვს ლინკი. როცა ამ "ფაილს" დააჭერთ, რომ ნახოთ, რა წერია მასში, იმ ფანჯრის ნაცვლად, რომელიც ფაილის შიგთავსს გაჩვენებთ, გაიხსნება ყალბი საიტი, რომელიც ჰგავს გუგლის/Gmail-ის ავტორიზაციის გვერდს. იქ მოგთხოვენ პაროლისა და იუზერნეიმის ჩაწერას, რა დროსაც ეს მონაცემები გაეგზავნებათ ჰაკერებს.

დეტალები ფიშინგის თავიდან აცილების შესახებ აუცილებლად წაიკითხეთ ამ სტატიაში: 4 რამ ინტერნეტ-უსაფრთხოების შესახებ, რაც ყველამ უნდა იცოდეთ. გახსოვდეთ, როდესაც უკვე ავტორიზებული ხართ, ნებისმიერი მცდელობა, "თავიდან შეგაყვანინონ პაროლი", სახიფათოა. დააკვირდით მისამართის ველს, ისევ იმ საიტზე ხართ, სადაც იყავით თუ სადმე სხვაგან აღმოჩნდით?

აქვე შევეხებით ფეისბუქზე ბოლო დროს გავრცელებულ სქემას, როდესაც თქვენს გვერდს, პროფილს ან ფოტოს აზიარებს ყალბი გვერდი, რომელსაც პროფილის ფოტოდ უყენია ფეისბუქის ლოგო, ხოლო სახელად ჰქვია Facebook Security, თქვენ მოგდით ნოტიფიკაცია. შეტყობინებაზე გადასვლის შემდეგ, გვერდი, რომელიც სინამდვილეში თაღლითების შექმნილია, გაცნობებთ, რომ თქვენი ანგარიში გაუქმების საფრთხის წინაშე დგას, ამის თავიდან ასაცილებლად კი ბმულს უნდა დააჭიროთ და მიჰყვეთ ინსტრუქციას. არ მოტყუვდეთ. ფეისბუქი სტატუსის ან ფოტოს გაზიარებით არასდროს ეკონტაქტება მომხმარებლებს, მით უმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე. ნუ გადახვალთ ბმულზე, ან თუ გადახვალთ, დააკვირდით მისამართს. გახსოვდეთ, განმეორებითი ავტორიზაცია, ანუ "ერთხელ უკვე შესულზე" პაროლისა და მომხმარებლის სახელის თავიდან შეყვანა საჭირო არ არის. ეს იმის უტყუარი ნიშანია, რომ ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.