გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი აცხადებს, რომ სკოლები უნდა გაიხსნას. მისი თქმით, იუნისეფი გასული წლიდან აღნიშნავს, რომ სკოლა უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება.

"უამრავი მტკიცებულებაა, რომ დაკეტილი სკოლების პირობებში ბავშვები არამხოლოდ განიცდიან აკადემიურ რეგრესს, არამედ ეს ასევე უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ კავშირებსა და სოციალურ უნარებზე. მეორეს მხრივ, ასევე დამტკიცებულია, რომ მსოფლიოში სკოლები არ წარმოადგენს დაავადების გავრცელების მთავარ კერას. არის თუ არა ვაქცინაციის კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი პროფესიული ჯგუფებისთვის, როგორიც მაგალითად მასწავლებლებია, სავალდებულო მოთხოვნა სხვა სექტორებისთვის? მაშინ რატომ ვითხოვთ ამას სკოლებისგან? როცა ყველა სხვა სექტორი გახსნილია, რატომ უნდა იყოს სკოლები დაკეტილი?",— აცხადებს ხალილი.

მისივე თქმით, ასევე უნდა ვიფიქროთ ათასობით ბავშვზე, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, რადგან ისინი განათლებას ვერ მიიღებენ და ეს ბევრ პრობლემას შეუქმნის.

"მე მოვინახულე საქართველოს ბევრი რეგიონი, სადაც ბავშვებს ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ. ბოლოს მესტიაში ვიყავი, სადაც ბავშვებმა მითხრეს, რომ არ ჰქონდათ ინტერნეტი. როგორ უნდა ჩაერთონ განათლებაში?", — აცხადებს UNICEF-ის წარმომადგენელი.

ღასან ხალილის მოსაზრებას იზიარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს ჰენრი კლუგე, რომლის თქმითაც, "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის რეგიონში შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში".

სკოლების ღიაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, გაეროს ბავშვთა ფონდსა და იუნესკოს კორონავირუსის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული აქვთ 8 რეკომენდაცია. სწორედ მათ შორისაა სკოლების გახსნა. რეკომენდაციები განკუთვნილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრი ქვეყნისთვის:

  • სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება;
  • შემუშავდეს ტესტირების სტრატეგია;
  • შემუშავდეს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები;
  • დაცული იქნას ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური კეთილდღეობა;
  • დაცული იქნან ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ბავშვები;
  • გაუმჯობდეს სასკოლო გარემო;
  • ბავშვები და მოზარდები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • აქტიურად განხორციელდეს ვაქცინაცია, რათა ბავშვები სკოლებში შევინარჩუნოთ.

საკოორდინაციო საბჭომ დღეს, 31 აგვისტოს სასწავლო პროცესის სკოლებში დისტანციურ რეჟიმში განახლების გადაწყვეტილება მიიღო. დღესვე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრამდე არ გაიხსნება ბაღები.

31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 753, ხოლო გარდაიცვალა — 79 ადამიანი. მხოლოდ აგვისტოში კორონავირუსი საქართველოში 130 377 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო გარდაიცვალა 1 588 ადამიანი.