იტალიაში გაიმართა საერთაშორისო კინოფესტივალი, სახელწოდებით Nòt Film Fest, სადაც ქართული ფილმი უარყოფითი რიცხვები მთავარი ტრიუმფატორი გახდა და საუკეთესო სრულმეტრაჟიან კინოსურათად დასახელდა.

ამავდროულად საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაშიც უარყოფითი რიცხვების შემოქმედმა, უტა ბერიამ გაიმარჯვა და შესაბამისად, ქართული კინო ორი მთავარი ჯილდოთი აღინიშნა.

Nòt Film Fest ჯერ ახალი, მაგრამ უკვე საკმაოდ ცნობილი და აღიარებული საერთაშორისო იტალიური კინოფესტივალია, რომლის მიზანიც საავტორო ფილმების ხელშეწყობა და წახალისებაა.

უარყოფითი რიცხვები ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, უტა ბერიას პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის პრემიერაც 2019 წელს შედგა და მალევე უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

ფილმის სიუჟეტი არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში პატიმრების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს და ნათლად გვაჩვენებს იმ სისტემურ სიმახინჯეებს, რომლებსაც მოზარდები ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან აწყდებიან.

უარყოფითი რიცხვების შესახებ ვრცელი შეფასება შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: რატომ ვაკეთებთ ამას?