საქსტატის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 9,9%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის პირველი შვიდი თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12,2% იყო.

ფოტო: საქსტატი

იქიდან გამომდინარე, რომ გასული წლის ივლისში ეკონომიკის ვარდნა 5,5% იყო, მიმდინარე მონაცემების დათვლისას მნიშვნელოვანია ე.წ. საბაზისო ეფექტის გათვალისწინება. სწორედ ამიტომ, სრული სურათის სანახავად არსებული მაჩვენებლები 2019 წლის მონაცემებსაც უნდა შევადაროთ. თუ ამას გავაკეთებთ, ვნახავთ, რომ 2021 წლის ივლისში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა გაზრდილია 3,9%-ით.

როგორც საქსტატის ანგარიშიდან ხდება ცნობილი, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

საქსტატის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის იანვარ-ივლისში საქონლის ექსპორტი 27,8%-ით, ხოლო იმპორტი 19,3%-ით გაიზარდა. შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21,7%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის ივლისში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წლიურად 8,5%-ით, 4 270-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 26,5%-ით 9,29 მილიარდ ლარამდე მოიმატა.

ეკონომიკური ზრდის ანგარიში ქვეყანაში არსებული ინფლაციის შესახებ მონაცემებსაც მოიცავს და აღნიშნულია, რომ ივლისში წლიური ინფლაცია 11,9%-იყო. უნდა ითქვას, რომ ეს ბოლო 10 წელში ფასების ზრდის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის შემცირება გასული წლის მარტიდან დაიწყო, რაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე მიღებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. ეკონომიკის ვარდნის ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. ბოლო გათვლების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 13,2%-ით, მესამე კვარტალში — 5,6%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6,8%-ით შემცირდა. წლიურად, 2020-ში საქართველოს ეკონომიკამ 6,2%-ით იკლო. რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4,5%-ით შემცირდა, ხოლო მერე კვარტალში 29,8%-ით გაიზარდა.

მთავრობამ უკვე დააკორექტირა ბიუჯეტი, რომელიც მიმდინარე წელს ეკონომიკის 7,7%-იანი ზრდის მოლოდინზეა აგებული. წელს საქართველოს ეკონომიკის 7,7%-ით ზრდას ელოდება საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური ზრდის მოლოდინების გამართლება ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვასა და პანდემიის მართვაზე იქნება დამოკიდებული.