"უბრალოდ, როგორც ჩანს, ერთი თვის წინ თავად ბელარუსმა ძალაში შეიყვანა ეს შეთანხმება და ისევ ჩვენმა მავნებლებმა, ჩვენი ქვეყნის მტრებმა დაიწყეს მორიგი პროპაგანდა სახელმწიფოს წინააღმდეგ", — აცხადებს პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი საქართველო-ბელარუსს შორის 2016 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, სადაც თავიდანვე განსაზღვრულია ამოქმედების პირობები და ვადები. ის ამ ხელშეკრულებისადმი დასავლეთის ნეგატიურ დამოკიდებულებას ქვეყნის მტრების მიერ ფეიკნიუსის შექმნას უწოდებს.

მისი თქმით, 2016 წელს, როდესაც ეს ხელშეკრულება გაფორმდა, ბელარუსთან დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდათ ნორმალური, ძალიან კარგი ურთიერთობა და ანალოგიური შინაარსის ხელშეკრულებები თავად ჰქონდათ გაფორმებული.

"2016 წელს სახელმწიფო უასფრთხოების სამსახურმა ანალოგიური შინაარსის დოკუმენტი გააფორმა. მას შემდეგ 5 წელი გავიდა და საერთოდ არავის გახსენებია. [...] ეს შეთანხმება არც ერთი მოქალაქის, მათ შორის, ბელორუსის მოქალაქის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული. ეს არის ჩვეულებრივი ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უსააფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმთან დაკავშირებით", — ამბობს ის.

ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის 2016 წელს დადებული თანამშრომლობის შეთანხმება ძალაში მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს შევიდა. დოკუმენტი ბელარუსის პარლამენტის ვებგვერდზე 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დოკუმენტი 14 თავისგან შედგება და მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

ხელშეკრულების ამოქმედებას კი საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან არაერთი კრიტიკული განცხადება მოჰყვა, რაზეც სუს-მა გააკეთა განმარტება, რომ ბელარუსთან შეთანხმება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას არ ავალდებულებთ.

გაიგეთ მეტი