მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი სესიაზე განხილვის დაწყებამდე შეიცვალოს. თუმცა, საკითხებს არ აკონკრეტებს. მისი თქმით, პარლმენტი კონსტიტუციის ცვლილების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს და მანამდე ქართული ოცნება პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს, სადაც კონსტიტუციის პროექტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

"ჩვენ არა გვაქვს არც პოლიტიკური, არც მორალური, არც სამართლებრივი ვალდებულება, რომ რაიმე ცვლილება მივიღოთ. თითოეული პუნქტი იქნება განსჯის საგანი და რაც იქნება ქვეყნისთვის სწორი, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს იქნება ერთადერთი კრიტერიუმი", — აცხადებს ირაკლი კობახიძე ტვ პალიტრასთან.

თუმცა, ის საკითხებს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით ექნებათ მსჯელობა და შესაძლოა, "რაღაცეები დაკორექტირდეს, რაღაცეები დაზუსტდეს".

"მე გამოვრიცხავ, რომ პროექტი ჩვენი მხრიდან ჩავარდეს. გარკვეული ფორმით ეს კანონპროექტი აუცილებლად მიიღება, როგორ და რა ფორმით, ამას ნახავს საზოგადოება", — აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, ახლა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესის 2019 წელთან შედარება არ შეიძლება.

"მაშინ გარკვეული პოლიტიკური განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ კონკრეტულ პროექტს მივიღებდით. ახლა ასეთი ვალდებულებაც კი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, რაიმე სცენარის გამეორებაზე საუბარიც კი ზედმეტია", — ამბობს კობახიძე.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შემდეგ საკითხებს ითვალისწინებს:

  • პარლამენტის მომდევნო ორ არჩევნებზე 2%-იანი ბარიერი იქნება;
  • პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა;
  • თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები;
  • მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები;
  • მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით, ანუ 90 ხმით;
  • თუ პარლამენტი 90-ხმიანი უმრავლესობით ორჯერ ვერ აირჩევს, მესამე კენჭისყრაზე დასამტკიცებლად 76 ხმა იქნება საჭირო;
  • მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს;
  • 76 ხმით არჩეული გენპროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვა მიმდინარეობს და საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე საპარლამენტო განხილვა დაიწყება. არსებული კანონმდებლობით, საკონსტიტუციო ცვლილების ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ მისაღებად 113 ხმაა საჭირო.