ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსის პრეზიდენტის სკამი 1994 წელს მოირგო და მას შემდეგ არ თმობს. 2020 წლის აგვისტოს არჩევნების შემდეგ, მოსახლეობის დიდ ნაწილს იმედები კიდევ უფრო გადაეწურა. მათი აზრით არჩევნები სასტიკად გაყალბდა, ამასთანავე, ლუკაშენკომ პროტესტის მონაწილეების დასაშლელად ბრუტალური და მიუღებელი ხერხები გამოიყენა.

Enter Belarus Cyber Partisans — ასე ჰქვია 15 კაციან ჰაკერულ დაჯგუფებას, რომლის წევრებიც საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტები არიან. ისინი ჰაკინგით აქამდე დაკავებულები არ იყვნენ. პარტიზანები პირველად 2020 წლის სექტემბრისკენ გამოჩნდნენ, მაშინ, როდესაც პოლიტიკურმა წნეხმა ქვეყანაში პიკურ მაჩვენებელს მიაღწია და მას შემდეგ ისინი აქტიურად მოღვაწეობენ.

მათ გატეხეს რამდენიმე სამთავრობო და პოლიციური საინფორმაციო ბაზა და გაასაჯაროვეს პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაულების დეტალები. მათ ასევე სააშკარაოზე გამოიტანეს რეჟიმის მიერ დაფარული რიცხვები, რომელიც კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვს უკავშირდებოდა. ასევე, მათ ხელში აღმოჩნდა მთავრობის წევრების საუბრის ჩანაწერები, როცა ისინი მშვიდობიანი აქციების ძალადობრივად დარბევას მოითხოვდნენ. პარტიზანები ირწმუნებიან, რომ მათ გატეხეს თითქმის ყველა ადმინისტრაციული სისტემა და მოგროვებული ინფორმაციის ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილი გაასაჯაროვეს.

MIT-ის უნივერსიტეტის წევრების შეფასებით, ჰაკერულმა დაჯგუფებამ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციებიც მოიპოვა, მათ შორის ვიდეო ჩანაწერებიც, სადაც საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ადამიანებზე ანგარიშსწორებაა ასახული.

რაც ყველაზე საინტერესოა, პარტიზანებს ინფორმატორები ჰყავთ. ქვეყანაში კიდევ ერთი ასეთი დაჯგუფება არსებობს —BYPOL და მათ წევრებში მთავრობის ყოფილი და ამჟამინდელი წევრებიც შედიან. ზოგიერთი მათგანი სისტემას უცხოეთიდან ებრძვის, ზოგიც კი ისევ მთავრობაშია და ციხის შიგნიდან გატეხვას ცდილობს. ასეთ ამბავს ალბათ მხოლოდ ჯაშუშებზე გადაღებულ ფილმებში თუ ნახავთ.

პარტიზანები BYPOL-ს პირველად 2020 წლის დეკემბერში დაუკავშირდნენ და დახმარება თხოვეს, რათა მათ მიეწოდებინათ ინფორმაცია თუ როგორ მუშაობდა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების ინფრასტრუქტურა. ყოფილი და ამჟამინდელი უსაფრთხოების წევრები, რომლებიც BYPOL-ში არიან გაწევრიანებული, ჰაკერებს დაეხმარნენ და მათ ზუსტად ის ინფორმაცია მისცეს, რაც კიბერუსაფრთხოების სისტემების გვერდის ავლისათვის იყო საჭირო. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალურად გაავრცელა, თუმცა წევრების აღმოჩენა ვერც ჰაკერულ დაჯგუფებაში შეძლეს და ვერც ის გაარკვიეს თუ ვინ გასცემს ინფორმაციას მთავრობის ამჟამინდელი წევრებიდან.

ჰაკერების მიერ მოპოვებული ინფორმაცია BYPOL-ის ტელეგრამის ჯგუფში განთავსდა, რომელშიც ამ დროისთვის 77 000 ადამიანი იყრის თავს.

Enter Belarus Cyber Partisans-ის წევრების უმეტესობა IT ექსპერტია და ორგანიზაცია ამბობს, რომ მათგან რეალური ჰაკერი არცერთი ყოფილა. მეტიც, ზოგიერთმა მათგანმა ეს საქმე რეალურ დროში, მიმდინარე პროცესების პარალელურად აითვისა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე