30 აგვისტოს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში შრომის ინსპექციამ 5 ობიექტი დალუქა, 4 კი დააჯარიმა. მათგან სამ იურიდიულ პირს 10 000 ლარი, ხოლო ერთ ფიზიკურ პირს 2 000 ლარის სანქცია დაეკისრა.

"შრომის ინსპექციის სამსახურმა ზომები ბიზნეს ობიექტებზე დაფიქსირებული ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო მიიღო. ამ დროისთვის, მთავარ გამოწვევად კვლავ სოციალური და გასართობი ღონისძიებები რჩება", — ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით 25 ობიექტი დაილუქა, ხოლო დაჯარიმდა 45 ბიზნეს ოპერატორი. დაჯარიმებულებს შორის 28 იურიდიული 17 კი ფიზიკური პირი იყო.

დაწესებული რეგულაციების ზედამხედველობის პროცესში შრომის ინსპექციასთან ერთად შემოსავლების, სურსათის უვნებლობის, ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, ასევე, მუნიციპალური ინსპექცია, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა ჩართული.