კორონავირუსის გამო, ნაციონალური მოძრაობა ამნისტიის ინიციატივით გამოდის. პარტიის წევრის, სოფო ჯაფარიძის თქმით, ციხეში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა და საზოგადოებამ პატიმრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს.

"ძალიან რთულია იმ ინფრასტრუქტურის პირობებში, რაც დღეს საპატიმროებშია, თუნდაც დისტანციის დაცვა და არამხოლოდ, აქედან გამომდინარე, გამოვდივარ ფართო ამნისტიის ინიციატივით, რაც ითვალისწინებს მსუბუქ, ნაკლებად მძიმე დანაშაულებებში მსჯავრდებული ადამიანების მყისიერ განთავისუფლებას. ცხადია, იმ ადამიანების, რომლების საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ თითოეული მათგანის სიცოცხლე", — ამბობს ჯაფარიძე.

მისი თქმით, ინფიცირებული მსჯავრდებულების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია, თუმცა დახმარების სათხოვნელად უამრავი პატიმრის ოჯახის წევრი უკავშირდება, რის გამოც ფიქრობს, რომ მათთვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი შანსი პატიმრობიდან გათავისუფლებაა.

"ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე, მაგრამ იქედან გამომდინარე, რა რაოდენობის პატიმრის ოჯახის წევრი გვიკავშირდება ყოველდღიურად, პირადად მე და ჩემი გუნდის წევრს, შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს მასშტაბი არ არის მცირე, ისინი არიან ძალიან ბევრნი და მათ ძალიან სჭირდებათ ჩვენი დახმარება... ჩვენ ვართ ომში, ომში, სადაც დღეს დადგა დრო, რომ მათთვის, აი, ამ ადამიანებისთვის ციხის კარი უნდა გავაღოთ და აი ამით შევამსუბუქოთ მდგომარეობა, განვტვირთოთ საპატიმროები", — აცხადებს ჯაფარიძე.

ენმ-ს წევრი და ჯგუფ "მედგიდის" დამფუძნებელი ამბობს, რომ პანდემიისას მსჯავრდებულების ამნისტიით გათავისუფლების პრაქტიკა უკვე არაერთ ქვეყანაში დაინერგა, რამაც დაამტკიცა, რომ ეს ნამდვილად ეფექტურია.

"ეს პრაქტიკა გვანახა ევროპის არაერთმა ქვეყანამ, მაგალითად, ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა, საფრანგეთმა და ვხედავთ ჩვენ, რომ დაწყებიდან პანდემიის დაახლოებით 10%-ით შემცირდა პატიმართა რაოდენობა, ასე რომ ეს არის ერთ-ერთი გზა და ალბათ ერთადერთი, რითაც შეგვიძლია მათი სიცოცხლე გადავარჩინოთ", — აღნიშნავს ჯაფარიძე.

რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპატიმროებში კოვიდვითარება ძალიან მძიმეა, მსჯავრდებულთა ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა პენიტენციური სამსახურის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ რიცხვს ბევრად აღემატება. დღეს, 30 აგვისტოს უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ინფიცირებულია 105 პატიმარი, რაც, მათი თქმით, მსჯავრდებულთა 1%-ია. ამ თემაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და თქვა, რომ საპატიმროებში მდგომარეობა სრულიად კონტროლირებადია.