ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, პენიტენციურ სისტემაში კოვიდინფექციის გადადების რისკი საკმაოდ დაბალია, რადგან მსჯავრდებულთა და თანამშრომელთა დიდი ნაწილი აცრილია.

"ერთხელ ვაქცინირებულია პატიმრების 66%, ორჯერ ვაქცინირებულია 55%-ზე მეტი. რაც შეეხება თანამშრომლების ვაქცინაციას, თანამშრომლების ვაქცინაცია კიდევ მანამდე დაიწყო, უკვე აპრილის ბოლოდან, 80%-ზე მეტია ერთხელ ვაქცინირებული და დაახლოებით 62%-ა ორჯერ ვაქცინირებული. რაც ნიშნავს იმას, რომ ამგვარი ვაქცინაციის პირობებში ინფექციის გადაცემის ალბათობა არის საკმაოდ დაბალი", — აცხადებს მინისტრის მოადგილე.

გაბუნია საპატიმროებში კოვიდინფიცირების შემთხვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ თუ ინფიცირებულების მდგომარეობა დამძიმდა, მათი კლინიკებში გადაიყვანენ.

"იყო გარკვეული შემთხვევები, ჩვენთვის ცნობილია და ამისთვის მოხდა მობილიზაცია რამდენიმე კლინიკის, რომ თუკი საჭიროება დადგება, მოხდეს პატიმრების გადმოყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და მათი მკურნალობა", — აღნიშნავს გაბუნია.

მინისტრის მოადგილის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. მედიების ინფორმაციით, საპატიმროებში კოვიდვითარება ძალიან მძიმეა, მსჯავრდებულთა ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა პენიტენციური სამსახურის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ რიცხვს ბევრად აღემატება.