მაკმასტერის უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით, ფართოდ გავრცელებული პესტიციდის გამოყენება შესაძლოა ნაწილობრივ გლობალურ ჭარბწონიანობის პრობლემას უკავშირდებოდეს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქლორპირიფოსი თაგვების ყავისფერ ცხიმოვან ქსოვილში კალორიების წვის პროცესს ანელებს. მისი საკვებზე გამოყენებაც კანადაში იკრძალება, თუმცა ხილსა და ბოსტნეულზე დანარჩენ მსოფლიოში ფართოდ იყენებენ. კალორიების წვის შემცირება სხეულს ზედმეტი კალორიების შენახვისკენ უბიძგებს და ჭარბწონიანობას იწვევს.

მეცნიერებმა 34 ხშირად გამოყენებული პესტიციდი და ჰერბიციდი შეისწავლეს ცხიმის ყავისფერ უჯრედებში და მაღალკალორიულ კვებაზე მყოფ თაგვებში ქლორპირიფოსის ეფექტები გამოცადეს. მათი მიგნებები ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

"ყავისფერი ცხიმი ჩვენი სხეულების მეტაბოლური "ღუმელია", რომელიც კალორიებს წვავს და, ჩვეულებრივი ცხიმისგან განსხვავებით, მათ შენახვას არ ხმარდება. ეს სითბოს წარმოქმნის და თავიდან გვარიდებს კალორიების სხეულში თეთრი ცხიმის სახით დაგროვებას. ჩვენთვის ცნობილია, რომ ყავისფერი ცხიმი სიცივისას და ჭამისას აქტიურდება", — თქვა კვლევის მთავარმა ავტორმა გრეგორი სტეინბერგმა, მედიცინის პროფესორმა და მაკმასტერის მეტაბოლიზმის, ჭარბწონიანობის და დიაბეტის კვლევის ცენტრის თანახელმძღვანელმა.

სტეინბერგმა განაცხადა, რომ საკმარისია, ქლორპირიფოსმა ზრდასრულებში დღიურად 40 კალორიის გამოყენება შეაკავოს ყავისფერ ცხიმში, რომ ჭარბწონიანობა გამოიწვიოს, რაც შესაძლოა წლიურად დაახლოებით 2 კილოგრამის მომატებასთან იყოს დაკავშირებული.

მისი თქმით, მაშინ, როცა გარემოში არსებული რამდენიმე ტოქსინი, მათ შორის ქლორპირიფოსი, ცხოველებსა და ადამიანებში ჭარბწონიანობის გახშირებას უკავშირდება, კვლევათა დიდმა ნაწილმა წონის მატება მიღებული საკვების მოჭარბებასა და კალორიების წვის შეფერხებას მიაწერა.

მიუხედავად იმისა, რომ კანადაში საკვებზე ქლორპირიფოსის გამოყენება იკრძალება, იმპორტირებულ პროდუქციაში შესაძლოა მაინც იყენებდნენ მას.

"მიუხედავად იმისა, რომ მიგნებები ჯერჯერობით ადამიანების შემთხვევაშიც უნდა დადასტურდეს, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ, პროდუქციის მიღების შემთხვევაში, კარგად გარეცხოთ იგი", — თქვა სტეინბერგმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.