დევიდ უერკინგმა 2019 წელს სასამართლოში სარჩელი შეიტანა მას შემდეგ, რაც მშობლებმა მისი პორნოგრაფიული კოლექცია სანაგვეზე მოისროლეს და გაანადგურეს.

სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა, მიჩიგანის შტატში მცხოვრები მშობლები დამნაშავედ ცნო და ცოტა ხნის წინ სასჯელის ზომაც განსაზღვრა: მათ დაევალათ, რომ შვილს ზარალის ასანაზღაურებლად $30 441 გადაუხადონ.

43 წლის დევიდ უერკინგი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მისი კოლექციიდან პორნოგრაფიული ჩანაწერები და სექსსათამაშოები 29 000 ამერიკული დოლარის ღირებულების იყო.

ამასთანვე, მშობლებს დაევალათ, რომ აანაზღაურონ თავიანთი შვილის ადვოკატის მომსახურების საფასურიც, რაც $14 519-ს შეადგენს.

ფოტო: Getty Images

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, დევიდ უერკინგი 2016 წელს, ცოლთან განქორწინების შემდეგ, მიჩიგანის შტატში მცხოვრები მშობლების, პოლ და ბეთ უერკინგების სახლში გადავიდა საცხოვრებლად.

მშობლებთან ერთად მან ათი თვე გაატარა, შემდეგ კი ახალ სახლში გადავიდა. გადაბარგების შემდეგ მან მოულოდნელად ვეღარ იპოვა ყუთები, რომლებშიც მისი პორნოგრაფიული კოლექცია იყო შენახული.

მოგვიანებით შვილთან ელექტრონული ფოსტით საუბრისას მამამისმა აღიარა, რომ სწორედ მშობლებმა გაანადგურეს ეტაპობრივად "პორნოგრაფიით სავსე 12 ყუთი".

"იმავეს ვიზამდი, ერთი კილო კოკაინი რომ მეპოვა. იმედია, ერთ დღესაც გამიგებ", — წერდა მამა მას.

მან ისიც აღნიშნა, რომ ამ გზით "კარგი სამსახური გაუწია", რაც შვილის ემოციურ და ფსიქიკურ კეთილდღეობას გააუმჯობესებდა.