რიზ უიზერსპუნი, რომელმაც ელ ვუდსთან ერთად უამრავი დასამახსოვრებელი პერსონაჟი გვაჩუქა, ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეულია სახეა. რიზმა თავი არა მხოლოდ ფილმებსა და სერიალებში შესრულებული როლებით, არამედ სექსიზმის წინააღმდეგ ბრძოლითაც შეგვაყვარა. მან ქალი ხელოვანების მხარდასაჭერად კომპანია Hello Sunshine-იც დააარსა, რომელიც ისეთი პროექტების შექმნაში იყო ჩართული, როგორებიცაა: Gone Girl, Big Little Lies, Little Fires Everywhere, The Morning Show და ა.შ.

ცოტა ხნის წინ რიზმა პოდკასტში We Are Supported By სექსიზმთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. მსახიობმა ჟურნალ Time-ში მისი და სხვა მსახიობების საერთო კარიკატურა გაიხსენა. კარიკატურაში იმ დროს ბიზნესის სფეროში მოღვაწე მსახიობ ქალებს წინსაფრები უკეთიათ და საოჯახო საქმეებით არიან დაკავებულნი. ფოტოში რიზს ხელში მტვერსასრუტი უჭირავს.

"მე ტანსაცმლის ბიზნესი მქონდა. გვინეტ პელტროუ Goop-ის წარმატებისთვის მუშაობდა. ბლეიკ ლაივლისა და ჯესიკა ალბას ბიზნესი ჰქონდათ და მათ ჩვენ შესახებ კარიკატურა შექმნეს...ეს ყველაფერი იმდენად შეურაცხმყოფელი იყო, რომ ავტირდი", — ამბობს რიზი.

მართალია, Time-მა მსახიობებს ბოდიში მოუხადა, თუმცა ეს მათთვის მიყენებულ ზიანს ვერ აანაზღაურებდა.

"ეს 10 წლის წინ კი არა, 2015 წელს მოხდა, როცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ანტერპრენერები ვიქნებოდით, ვცდიდით, საკუთარი ფულის, დროისა და რეპუტაციის ინვესტირებას მოვახდენდით, რაიმე ახალს შევქმნიდით, როგორც ეს ჯორჯ კლუნიმ, რობერტ დე ნირომ გააკეთეს და ამის გამო საჯაროდ დაგვცინეს. ეს იყო მესიჯი პატარა გოგოებისთვის: 'თუ შენს სფეროში წარმატებას უკვე მიაღწიე, სხვაგან წარმატებული ვერ იქნები", — ამბობს რიზი.

სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა Hello Sunshine-ის შექმნა და კომპანიის დახმარებით ქალების მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, კომპანია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რის შემდეგაც რიზმა ის თითქმის $1 მილიარდად გაყიდა.

რიზ უიზერსპუნი იმედოვნებს, რომ მომავალში უფრო მეტ წარმატებულ ქალს იხილავს და ამაში წვლილის შეტანას თავადაც გააგრძელებს.