აშშ-ში ძლიერ ქარიშხალს 60 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. სხვა გარდაცვლილთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, ლუიზიანას შტატს ქარიშხალმა დიდი ზიანი მიაყენა — დატბორილია ტერიტორიები, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლუიზიანა სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა და აღდგენით სამუშაოებში ფედერალური დახმარების შესახებ ბრძანება გასცა.

"დახმარება შეიძლება შეიცავდეს გრანტებს დროებითი საცხოვრებლისა და სახლის რემონტისთვის, დაბალბიუჯეტიან სესხებს დაუზღვეველი ქონების ზარალის დასაფარად და სხვა პროგრამებს, რაც კატასტროფის შედეგად დაზარალებულ პირებს დაეხმარება", — აღნიშულია თეთრი სახლის განცხადებაში.