ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვერანაირი ანტივაქსერი მღვდლის მოწოდება ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვერ გადაწონის იმას, რაც სახელმწიფოს ფუნქციაა. ამის შესახებ მან ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ყველაფერი პრობლემა არის ანტივაქსერების, მღვდლების, რომლებიც დადიან და მოუწოდებენ ხალხს, რომ არ აიცრან და ასე შემდეგ. ალბათ, დადიან, კი. ალბათ, იძახიან. მაგრამ მოდით, ნუ გადაგვაქვს სხვა საკითხებზე თემები. ვერანაირი 5, 10, 30 ბნელი მღვდელი და შემოგზავნილი ვერ გადაწონის იმას, რაც არის სახელმწიფოს ფუნქცია და არ არის საჭირო ისრების გადატანა. ეს არის ივანიშვილის თამაში — საზოგადოებაა უპასუხისმგებლო, ჩვენ ვართ ბნელები, ჩვენ ვართ გაუნათლებლები, ჩვენ არაფერი არ გესმის, ეკლესიაშია მთავარი პრობლემა — და, უკაცრავად, სახელმწიფო სად არის?", — განაცხადა მან.

მთელი პანდემიის პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რეკომენდაციების უგულებელყოფით გამოირჩეოდა. განსხვავებით მსოფლიო ეკლესიებისგან, საპატრიარქომ 2020 წლის გაზაფხულზე არ შეაჩერა ეკლესიებში მრევლის მიღება, ასევე, ერთი კოვზით ზიარება. ამ პერიოდში ტაძრების მხოლოდ ნაწილში დაცული იყო სოციალური დისტანცია, სხვა რეკომენდაციებს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, მეტწილად, არ იცავდნენ. მეტიც, პანდემიის პიკში კონკრეტული სასულიერო პირები ანტივაქსერული განცხადებებით გამოირჩევიან.

აღსანიშნავია, რომ 12 აგვისტოს ეკლესიას პანდემიასთან ბრძოლაში თავისი როლი შეახსენა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი განცხადებით, "აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის გზაზე ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების არჩევანისა და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა და დღესაც დგას. თუმცა დღეს კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება. ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი, რამეთუ ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ".