თბილსერვისის თანამშრომელი ამბობს, რომ პროტესტის გამოხატვის გამო დასაჯეს და 200-ლარიანი პრემია არ ჩაურიცხეს. ალბერტ სარქისოვის თქმით, დასუფთავების სამსახურში ყველას დაერიცხა პრემია, მის გარდა.

"რააც დისციპლინაზე აქვთ საუბარი, რომ გადაღებაზე ვიყავი და აი, აქ აქციაზე ვიყავი თანამშრომლებთან. ვიცი, რომ ადრე თუ გვიან მეც გამაგდებენ, იმიტომ, რომ ირაკლი ბაღდავაძის გვერდით ვარ", — ამბობს სარქისოვი ფორმულასთან საუბრისას.

რაც შეეხება ბაღდავაძეს, ის თბილსერვისიდან დაითხოვეს. გადაწყვეტილებას ის აქციით აპროტესტებს და მე-7 დღეა შიმშილობს.

როგორც On.ge-ს თბილსერვისში განუცხადეს, იმის მიზეზი, რომ სარქისოვს პრემია არ ჩაერიცხა დისციპლინური გადაცდომა იყო, ანუ მათი თქმით, ის რამდენიმე დღე ხელმძრვანელის გაფრთხილების გარეშე სამსახურში არ გამოცხადდა.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები რთულ სამუშაო პირობების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ და ხელფასის მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ. თბილსერვისის ჯგუფში აცხადებდნენ, რომ თანამშრომელთა მოთხოვნები "გონივრულ ვადაში" დაკმაყოფილდებოდა.

7 აგვისტოს გაფიცვა შეწყდა. თბილისის მერმა და მისმა მოადგილემ პროტესტს "უნიჭოდ მართული" პროცესი და პროვოკაცია უწოდეს.

13 აგვისტოს აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ, თბილსერვისის თანამშრომელმა, ირაკლი ბაღდავაძემ განაცხადა, რომ მას ხელმძღვანელობამ, რომეო მიქაუტაძემ თბილისის მერი, კახა კალაძისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა და ამის სანაცვლოდ ფული შესთავაზა. მიქაუტაძე აღნიშნულს აბსურდულს უწოდებდა.

23 აგვისტოს ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. მერიის განცხადებით, ამის მიზეზი გაფიცვის უკანონოდ ორგანიზება, თანამშრომლებთან დაპირისპირება და მათზე მუქარა იყო.