სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს. პირველი არხის ინფორმაციით, მოძრავ სატელიტურ მანქანას სხვადასხვა დაზიანება აქვს — ჩამსხვრეულია ფარები და სარკე.

"მონასტრის ეზოში შეუძლია ნებისმიერ ადამიანს შემოსვლა და ძალიან სამწუხარო ფაქტია. გამოძიება ალბათ დაადგენს ყველაფერს", — განუცხადა სასულიერო პირმა ჟურნალისტებს.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.