ევროპული საქართველოს წევრმა, რომელიც 26 აგვისტოს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების მიერ მისი შვილის გატაცებაზე საუბრობდა, შვილის დაბრუნების შემდეგ, 27 აგვისტოს, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა დამენიამ, ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, რასაც დაზარალებულები გუშინ ამბობდნენ, კარგად აჩვენებს ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობას.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ. დღისით-მზისით შეიძლება ადამიანის გატაცება და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რა ვითარებაა. პოლიციაში დაკითხვის შემდგომ, სადაც პოლიცია და კრიმინალური სამყარო ერთმანეთსაა შეზრდილი და პოლიციამ ფაქტობრივად მოაგვარა და დამალა ეს დანაშაულებრივი ფაქტი თელავში, შემდეგ კი დაკითვიდან გამოსულზე დაზარალებულებმა უარყვეს გატაცების ფაქტი და გარკვეულწილად გაუგებრობა უწოდეს", — განაცხადა დამენიამ.

მისივე თქმით, განსაკუთრებულ ეჭვს აჩენს ის, რომ ერთი მხრივ, ამბობენ, რომ არაფერი მომხდარა და მათი წევრის შვილი არ გაუტაცებიათ, მაგრამ დედა მაინც პოლიციას უხდის მადლობას. ამას კი ემატება ის, რომ კანდიდატმა, რომელიც ევროპული საქათველოს პროპორციული სიით უნდა გასულიყო არჩევნებში, დღეს მან უარი განაცხადა სიაში ყოფნაზე.

"ჩვენი აზრით, როგორც მინიმუმ, მოხდა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც სამწუხაროდ მთელი საქართველო აქვს მოცული, ქართული ოცნება კი ამ ვითარებას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, დასკვნები კი საზოგადოებისთვის მიგვინდია", — განაცხადა დამენიამ.

26 აგვისტოს ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ თელავში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი გაიტაცეს.ის გატაცებულის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ამბობს, რომ გამტაცებელი, შესაძლოა, კავშირში იყოს ქართული ოცნების ადგილობრივ ხელისუფლებასთან. შსს-ში კი On.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.