შვედეთის ელჩი, ულრიკ ტიდესტრომი მადლობას უხდის საქართველოს ავღანეთიდან მოქალაქეების თბილისის გავლით გადაყვანის შესაძლებლობისთვის. მისი თქმით, საქართველოს მხარდაჭერამ მოლოდინს გადააჭარბა.

"უღრმესი მადლობა საქართველოს ავღანეთიდან ევაკუაციაში შვედეთის მხარდაჭერისთვის. თქვენმა დახმარებამ თბილისის გავლით ფრენების გაადვილებაში მოლოდინს გადააჭარბა. ჭირში მეგობარი ნამდვილი მეგობარია", — წერს ტიდესტრომი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

თბილისის აეროპორტის გავლით ადამიანების გადაყვანის შესაძლებლობისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა ნიდერლანდელის საელჩომაც. მათი თქმით, ქაბულის აეროპორტში არსებული მძიმე სიტუაციის შემდეგ, თბილისის აეროპორტის კომფორტული და მოქნილი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იყო.

თბილისის აეროპორტში განლაგდა NATO-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით, ხოლო ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრები სხვადასხვა ჩარტერული რეისებით გადაჰყავთ.

საქართველოში შემოყვანისა და განთავსებისას გათვალისწინებულია COVID-უსაფრთხოების წესები, ხოლო საქართველოში მათ ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებენ შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტები.