შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დააკავეს 21 წლის ბიჭი, რომელსაც ტრანსგენდერი ქალის დაჭრა ედება ბრალად. შემთხვევა გუშინ, 26 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც თვითმხილველი On.ge-სთან საუბრისას ყვება, ტრანსგენდერ ქალს საფანტი ტყვია პირდაპირ მანქანიდან ესროლეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას, ქვეითად მყოფ ტრანსგენდერ ქალს — 1993 წელს დაბადებულ ჯ.ც.-ს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, პნევმატური იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა და მიიმალა", — აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი — პნევმატური პისტოლეტი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.