კონგრესმენი მაიკ ვალცი და სენატორი ლინდსი გრეჰემი ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი, ამრულა სალეჰი და აჰმად მასუდი აღიაროს, როგორც ავღანეთის ხელისუფლების ლეგიტიმური წარმომადგენლები. ამასთან დაკავშირებით მათ პრეზიდენტს საგანგებო განცხადებით უკვე მიმართეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ეს გადაწყვეტილება ამრულა სალეჰთან და აჰმად მასუდის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ მიიღეს.

"ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტ ამრულა სალეჰთან და აჰმად მასუდის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ ჩვენ მოვუწოდებთ ბაიდენის ადმინისტრაციას, აღიარონ ეს ლიდერები, როგორც ავღანეთის მთავრობის ლეგიტიმური წარმომადგენლები. ჩვენ ვთხოვთ ბაიდენის ადმინისტრაციას, აღიაროს, რომ ავღანეთის კონსტიტუცია ჯერ კიდევ ხელუხლებელია და ავღანეთის თალიბანის მიერ ხელში ჩაგდება უკანონოა.

ამ ლიდერებმა აირჩიეს დარჩენა და ბრძოლა ავღანელი ხალხის თავისუფლებებისთვის და ეწინააღმდეგებოდნენ ექსტრემიზმს. მათ შექმნეს უსაფრთხო თავშესაფარი პანშირის ხეობაში ამერიკელებისთვის, ჩვენი მოკავშირეებისთვის და იმ ავღანელებისთვის, ვინც თალიბანის მმართველობისგან თავისდაღწევას ცდილობენ. ისინი ასევე იქნებიან წინა ხაზზე გლობალური ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც გააგრძელებს შეტევების დაგეგმვას დასავლეთის წინააღმდეგ ჩვენი რეგიონიდან გასვლის შემდეგ.

ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ ბაიდენს, ავღანური თალიბანი აღიაროს, როგორც უცხოური ტერორისტული ორგანიზაცია და ჩვენ მოვუწოდებთ მას, საჯაროდ დაუჭიროს მხარი კონგრესის ძალისხმევას, რომ დაუდგეს გვერდში ჩვენს მეგობრებს პანშირის ხეობაში, რომელიც იქნება ბურჯი რეგიონული ტერორის წინააღმდეგ", — ნათქვამია კონგრესმენის და სენატორის ერთობლივ წერილში.

ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გასვლის შემდეგ, თალიბანმა მალევე შეძლო და ქაბულიც აიღო – პრეზიდენტი გაიქცა, თალიბებმა ძალაუფლება მოიპოვეს. მათ ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისათვის საყოველთაო "ამნისტია გამოაცხადეს" და მთავრობაში ქალები მიიწვიეს. მათი მტკიცებით, ხალხს შეუძლია, დაუბრუნდეს თავის რუტინულ ყოველდღიურობას, თუმცა ამის ფონზე, დევნიან ქუჩაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოსულ მოქალაქეებს, ქალებს, რომლის ჩაცმის სტილიც არ მოსწონთ, ჟურნალისტებს. ბოლო დღებში თალიბებმა ათამდე მოკლეს და არაერთი დაჭრეს, მათ შორის, ისინი, ვინც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ. ბოლო დღეებში ავღანეთში გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს და მედიაში სხვადასხვა მონაცემი ვრცელდება. ავღანეთის ხელისუფლების ნაწილი, რომელსაც სათავეში ვიცე-პრეზიდენტი ამრულაჰ სალეჰი უდგას, დანებებას არ აპირებს. ის სამხედრო მეთაურ აჰმად მასუდთან ერთად მომხრეებს პანჯშირის ხეობაში კრებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თალიბანის ხელმძღვანელობამ ასობით მებრძოლი პანჯშირის ხეობის ასაღებად გაგზავნა. თუმცა, შედეგების შესახებ ჯერეჯრობით არაფერია ცნობილი. საერთაშორისო საზოგადოებამ კი თალიბანისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება დაიწყო.