საფრანგეთმა საქართველო, ქვეყანაში შექმნილი კოვიდმდგომარეობის გამო, ე.წ. წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთში გამგზავრებისა და ქვეყანაში შესასვლად დამატებითი რეგულაციები მოქმედებს. ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

27 აგვისტოს ღამის 12 საათის შემდეგ მგზავრები საქართველოდან საფრანგეთში შესვლას მხოლოდ იმ პირობით შეძლებენ, თუ სრულად იქნებიან ვაქცინირებული ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ აღიარებული Pfizer, Moderna, AstraZeneca, Janssen (Johnson&Johnson) ვაქცინით.

საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით). ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან გასული უნდა იყოს 7 დღე მაინც. ერთდოზიანი ვაქცინის შემთხვევაში — 4 კვირა, კოვიდგადატანილი პირების (ერთჯერადი) აცრიდან — 7 დღე.

ვაქცინაციის მოწმობების თარგმნა ან აპოსტილით დამოწმება არ არის აუცილებელი იმ პირობით, თუ ისინი იკითხება და აცრის თარიღები და გამოყენებული ვაქცინის ტიპი სწორად არის მითითებული.

რაც შეეხება იმ პირებს, ვინც ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, ისინი ქვეყანაში შესვლას მხოლოდ წითელი ქვეყნებისთვის შემუშავებული გადაუდებელი მოტივების შემთხვევაში შეძლებენ. ამასთან, მათ მათ მოუწევთ PCR-ტესტის წარდგენა და 10-დღიანი კარანტინი, საკუთარი ხარჯებით.