ქაბულის აეროპორტთან 26 აგვისტოს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედროა. ასევე დაშავებულია 18 ამერიკელი სამხედრო. თალიბანი კი ამბობს, რომ მათ 28 მებრძოლი დაკარგეს. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალება ადგილობრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-ის ავღანურმა დანაყოფმა აიღო. თვითმკვლელმა ტერორისტმა აეროპორტის შესასვლელთან, სადაც ავღანელი ლტოლვილები იყვნენ შეკრებილნი, თავი აიფეთქა. მეორე აფეთქება ერთ-ერთ სასტუმროსთან მოხდა.

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ტერაქტის ორგანიზატორებს პასუხს აგებინებენ.

ქაბულის აეროპორტში საევაკუაციო სამუშაოები დღეს, 27 აგვისტოს, განახლდა. აშშ აცხადებს, რომ 31 აგვისტომდე თავდასხმები ისევ მოსალოდნელია, თუმცა, ევაკუაციას არ შეწყვეტენ. ამასთან, აშშ-ის ცენტრალური გენერალიტეტის მეთაურმა, გენერალმა მაკკენზი უმცროსმა ბრიფინგზე თქვა, რომ აშშ თალიბანს ტერორისტული თავდასხმების ასარიდებლად დაზვერვის ინფორმაციას უზიარებს.

თალიბანის მიერ რამდენიმე დღის წინ დასავლეთის მიმართ გაჟერებულმა მუქარამ, რომ 31 აგვისტოს მერე ავღანეთში მათი დარჩენა ე.წ. წითელი ხაზი იქნება და თალიბანი მოქმედებას დაიწყებს, ევაკუაციაზე ზეწოლა გააძლიერა — დასავლეთი ცდილობს, ქვეყნიდან გაიყვანოს ათიათასობით უცხოელი და ავღანელი, რომლებიც თალიბანის წინააღმდეგ 20-წლიანი ომის დროს ეხმარებოდნენ. ტერაქტამდე ორი დღის განმავლობაში კი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდობოდა ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას ISIS გეგმავდა, რის გამოც მოქალაქეებს აეროპორტში არმისვლისკენ მოუწოდებდნენ.