დიდხნიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარულ ჯგუფ ABBA-ს განსაკუთრებული სიახლე აქვს თავისი ერთგული მსმენელებისთვის.

შვედურმა ბენდმა ახალი ვებსაიტი Abba Voyage აამოქმედა და ფანებს ახალ პროექტში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებისკენ მოუწოდა.

როგორც ჩანს, წინ ნამდვილად საინტერესო სიახლეები გველოდება.

ჯერ კიდევ 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ABBA ორ ახალ სიმღერას გამოუშვებდა. შემდეგ 2020-ში გავიგეთ, რომ ბენდს უკვე ხუთი ახალი მუსიკალური ნამუშევარი ჰქონდა მზად გულშემატკივრებისთვის.

თუმცა აქამდე არცერთი მათგანის მოსმენის შესაძლებლობა არ მოგვცემია.

2021-ის დასაწყისში ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ბიორნ ულვეუსმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მათი ახალი სიმღერები წელს "შესაძლოა კი არა, აუცილებლად გამოვა".

იქნებ, სწორედ ეს იყოს ის ბოლო იმედი, რომელიც ნამდვილად ახდება.

ფოტო: Giphy

მანამდე ცნობილი იყო ისიც, რომ ABBA "ჰოლოგრამული ტურნეს" გამართვას აპირებდა და ვარაუდობენ, ახალი პროექტის ანონსიც სწორედ ამას უკავშირდება. პლანეტების გამოსახულებიან პოსტერზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ზუსტ დეტალებს 2 სექტემბერს გავიგებთ.

შეგახსენებთ, რომ ABBA 1982 წელს დაიშალა. ჯგუფი 2016 წელს კვლავ გაერთიანდა კერძო ღონისძიებაზე, რომელზეც ბიორნისა და ბენის პირველი შეხვედრის 50 წლის იუბილე აღინიშნებოდა.