ფინტექ კომპანია Brex-მა უნივერსალური, კომერციული პლატფორმებისთვის განკუთვნილი API-ს შემქნელთან, Weav-თან პარტნიორობა გასულ ზაფხულს დაიწყო.

მარტში Brex-მა, Weav-ის API-ის დახმარებით, Shopify-სთვის მომენტალური გადახდების სისტემა გაუშვა.

შედეგები იმდენად გასაოცარი აღმოჩნდა, რომ აპრილში, ბრექსის თანადამფუძნებლებმა, ენრიკე დუბუგრასმა და პედრო ფრანჩესკიმ Weav 4,3 მილიონი დოლარით დააფინანსეს და მათი სტრატეგიული ინვესტორები გახდნენ.

გასული თვეები Brex-ისთვის იმდენად კარგი აღმოჩნდა, რომ დუბუგრასი და ფრანჩესკო დარწმუნდნენ — Weav ხელიდან გასაშვები ტექნოლოგია არ იყო. სწორედ ამიტომ, დღეს Brex-მა დაანონსა, რომ ისინი Weav-ს 50 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძენენ. ინფორმაცია ექსკლუზიურად TechCrunch-მა მოიპოვა.

საინტერესოა, რომ ეს შეთანხმება სრულად დისტანციურად შედგა. კომპანიების დამფუძნებლებს ერთმანეთი არც კი უნახავთ, რაც პრეკოვიდური სამყაროსთვის უჩვეულო იქნებოდა, თუმცა პანდემიის პერიოდში ასეთი რამ აღარავის უკვირს.

"Brex-მა Weav-თან თანამშრომლობა მათი განვითარების ადრეულ პერიოდშივე დაიწყო და ჩვენ მათი პარტნიორები გავხდით" — ყვება დუბუგრასი

"ჩვენ გაგვაოცა Weav-ის აღმასრულებემა დირექტორმა, ნადავ ლიდორმა და მისმა მთელმა გუნდმა. ისინი თავიანთ ტექნოლოგიას უსწრაფესად ავითარებენ" — ამბობს დუბუგრასი TechCrunch-თან საუბრისას

TechCrunch ორივე კომპანიის დამფუძნებლებს ესაუბრა და გარიგების შესახებ მეტი დეტალი გაიგო.

პირველ რიგში, Brex გაზრდის ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით. Weav-ში ამჟამად 9 ადამიანი მუშაობს, რომლებიც ისრაელსა და ნიუ იორში მოღვაწეობენ. Brex "ინოვაციების ჰაბის" შენებასა და ახალი თანამშრომლების ძებნას ისრაელში გეგმავს. ისრაელის ოფისს სწორედ Weav-ის CEO, ნადავ ლიდორი ჩაიბარებს.

გარდა იმისა, რომ Brex მსოფლიოს მასშტაბით გაფართოებას გეგმავს, Weav-ისგან შეძენილი ტექნოლოგია ფინტექს თავისი პლატფორმის ზრდის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება — ამბობს დუბუგრასი. ამჟამად Brex მომხმარებლებს საკრედიტო ბარათებს, ბიზნეს ანგარიშებს, ხარჯთაღრიცხვასა და გადასახადების გადახდის ერთიან სისტემას სთავაზობს, რომლებიც ძირითადად სტარტაპებისთვისაა განკუთვნილი. მათი მიზანია თავიანთი პროდუქტების გამრავალფეროვნება და "უკეთესი პორტფოლიოს შექმნა", რათა გახდნენ მსხვილი ბიზნეს პლატფორმა, ახალი შესაძლებლობებით.

"Weav-ის ტექნოლოგია ეხმარება Brex-ს რომ გახდეს მეტად კომფორტული მომხმარებელთათვის — ამბობს დუბუგრასი

Weav გასულ წელს, ინჟინრებმა, ამბიკა აჩარიამ, ავიკამ აგურმა და ლიდორმა დააარსეს. Weav იმ ფინტექების სიაში შედის, რომელთა მიზანიც ფინტექ ინფრასტრუქტურის გამარტივება და სხვა კომპანიების ზრდის დაჩქარებაა. Weav-ის API შექმნილია იმისათვის, რომ ორგანიზაციებმა მიიღონ ყველა ინფორმაცია თავიანთი ფინანსური მდგომარეობის შესახებ რეალურ დროში, შეძლონ ამ ყველაფრის ანალიზი და შემდგომში ეს ინფორმაცია ახალი პროდუქტების შესაქმნელად გამოიყენონ.

Weav-ის ტექნოლოგია მომხმარებელს საშუალებას აძლევს დააკავშიროს რამდენიმე ფინანსური პლატფორმა ერთმანეთთან ერთი აპლიკაციის ქვეშ. Weav-ის API შექმნილია სპეციალურად ისეთი სტარტაპებისთვის, რომლებიც ცდილობენ გაყიდონ პროდუქტები და მიიღონ სხვადასხვა ტიპის გადახდები.

მას შემდეგ, რაც Weav-ის API ბაზარზე გამოჩნდა, მისი ფასი ყოველთვიურად 300%-ით იზრდებოდა.

ლიდორის თქმით, ისინი Weav-ის ასეთ წარმატებას უმოკლეს დროში არ ელოდნენ. თუმცა, მისი თქმით, მათ გაუმართლათ, რომ Brex-თან ბევრი თანაკვეთა იპოვეს და ორივე კომპანია ბრძოლის ველზე ერთ მხარეს აღმოჩნდა.

"ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ბიზნესების, შემოქმედი ადამიანებისა და ანტრეპრენერების ერთმანეთთან დაკავშირება და ეს მიზნები Brex-ის განთვითარების გეგმას ემთხვევა" — ყვება ლიდორი.

Weav თავისი საბაზრო ღირებულების შესახებ ინფორმაციას ზუსტად არ ავრცელებს, თუმცა დუბუგრასი აღნიშნავს, რომ "50 მილიონი ყველასათვის კარგი გარიგებაა".

Brex სან-ფრანცისკოში, 2017 წელს დაარსდა და ამ წლის დასაწყისში მათი ღირებულება 7,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.