საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გმობს ქაბულში მომხდარ ტერაქტს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

"სასტიკად ვგმობ ქაბულის აეროპორტში განხორციელებულ ლაჩრულ ტერორისტულ შეტევას. გულითადად ვუსამძიმრებ მსხვერპლთა, მათ შორის, აშშ-ის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს.

საქართველო დგას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა დასრულდეს ძალადობა და ქაოსი ავღანეთსა და მის ფარგლებს გარეთ", — წერს ზალკალიანი

BBC-ის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტთან მოხმდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათი ცნობით, აღნიშნული განცხადება ტელეგრამზე გავრცელდა.

ქაბულში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 140-ზე მეტი დაშავდა. პენტაგონის ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 12 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო დაშავებულია, სულ მცირე, 15. მათივე განცხადებით, 14 აგვისტოდან 104 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს, მათ შორის, 66 ათასზე მეტი აშშ-ს, ხოლო 37 ათასზე მეტი მათი მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებით. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ავღანეთში ამ ეტაპზე, დაახლოებით, 1 000-მდე ამერიკელია დარჩენილი.

ქაბულის აეროპორტთან აფეთქება 26 აგვიტოს მაშინ მოხდა, როდესაც აეროპორტის შესასვლელთან ავღანელი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც აეროპორტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ. აფეთქების შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ ევაკუაციის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. პროცესს არ აჩერებს დიდი ბრიტანეთი და აშშ.

წაიკითხეთ ასევე: