საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქაბულში მომხდარ ტერაქტს გმობს და ამბობს რომ ევაკუაციის პროცესი ავღანეთიდან მშვიდობიანად უნდა განხორციელდეს.

"მკაცრად ვგმობ ქაბულის ტერაქტს და ვლოცულობ იმ ავღანელი მოქალაქეებისა და სამხედროებისთვის, ვინც ტერაქტს ემსხვერპლა. ევაკუაციის პროცესი მშვიდობიანად უნდა განოხრციელდეს. საქართველო გააგრძელებს იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვინც ახორციელებს ევაკუაციას და გამოხატავს სოლიდარობას ძალადობის წინააღმდეგ", — აცხადებს პრეზიდენტი.

BBC-ის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტთან მოხმდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათი ცნობით, აღნიშნული განცხადება ტელეგრამზე გავრცელდა.

ქაბულში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 140-ზე მეტი დაშავდა. პენტაგონის ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 12 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო დაშავებულია, სულ მცირე, 15. მათივე განცხადებით, 14 აგვისტოდან 104 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს, მათ შორის, 66 ათასზე მეტი აშშ-ს, ხოლო 37 ათასზე მეტი მათი მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებით. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ავღანეთში ამ ეტაპზე, დაახლოებით, 1 000-მდე ამერიკელია დარჩენილი.

ქაბულის აეროპორტთან აფეთქება 26 აგვიტოს მაშინ მოხდა, როდესაც აეროპორტის შესასვლელთან ავღანელი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც აეროპორტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ. აფეთქების შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ ევაკუაციის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. პროცესს არ აჩერებს დიდი ბრიტანეთი და აშშ.

წაიკითხეთ ასევე: