თბილისში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები იხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები ავტობუსში შეძლებენ ვაქცინის გაკეთებას.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, დღეიდან 3 ასეთი ავტობუსი იქნება — ერთი სადგურის მოედანზე იდგება, 2 კი გლდანსა და ვარკეთილში იმოძრავებს. ავტობუსები 2-საათიანი შუალედით გადაადგილდება.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, შემდგომში შესაძლოა ავტობუსების რიცხვი 10-მდე ან უფრო მეტად გაიზარდოს.

"თავდაპირველად იქნება მხოლოდ თბილისი. ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება იმ რაიონების, სადაც გვქონდა ნაკლები ხელმისაწვდომობა ვაქცინაციაზე. მთავარი პირობა, რომ მოხდეს მოსახლეობის აცრა, არის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის შექმნა. ეს არის უკვე ევროპაში არსებული კარგი პრაქტიკა და ამაზე დაყრდნობით მივიღეთ გადაწყვეტილება", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ფოტო: თამთა კახაბერიძე / On.ge

მოძრავი პუნქტი შემდგი პრინციპით იმუშავებს: მოქალაქეები უკანა შესასვლელიდან ავლენ, სადაც არის ანკეტის შესავსები სივრცე.

ფოტო: თამთა კახაბერიძე / On.ge

მონაცემების შევსების შემდეგ, ისინი ავტობუსის შუა ნაწილში გადავლენ, სადაც აიცრებიან. ტიკარაძის განცხადებით, აქ მოქალაქეებს დახვდებათ ვაქცინების ფართო არჩევანი.

ფოტო: თამთა კახაბერიძე / On.ge

ფოტო: თამთა კახაბერიძე / On.ge

ვაქცინაციის შემდგომი მოსასვენებელი სივრცე ავტობუსის წინა ნაწილშია. აქვე არის განთავსებული სასწრაფო დახმარების მაგიდა. NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ავტობუსში არის ყველა აღჭურვილობა, რაც საჭიროა გადაუდებელი დახმარებისთვის.

ფოტო: თამთა კახაბერიძე / On.ge

დღეს მოძრავი ამცრელი პუნქტი ჯანდაცვის მინისტრმა, NCDC-ის ხელმძღვანელმა და თბილისის მერმა დაათვალიერეს.

ფოტო: თამთა კახაბერიძე / On.ge

კახა კალაძის განცხადებით, ავტობუსები მაქსიმალურად კომფორტულია.

"ავტობუსები მაქსიმალურად კომფორტულია — კონდიცირება, სამეთვალყურეო უსაფრთხოების კამერები... ყველანაირად კეთილმოწყობილია, ადაპტირებულია. ავტობუსში სამედიცინო კუთხით ყველაფერი არის მოწყობილი და ჩემი თხოვნა და თუნდაც მოწოდება იქნებოდა ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა ავიცრათ, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიცოცხლე", — განაცხადა კალაძემ.

ხოლო ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს პროექტი საპილოტეა და რამდენიმე დღე დააკვირდებიან. მისი თქმით, აქვთ მოლოდინი რომ გამტარუნარიანობა დღეში ერთი ავტობუსისგან 100-150 აცრა იქნება.

მისივე განცხადებით, შეიძლება პროექტის შემდგომში განვრცობა მობილური ბრიგადების სახით ყველა მუნიციპალიტეტზე, პირველ რიგში, დიდ ქალაქებში.