BBC-ის ინფორმაციით, ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. გამოცემა აღნიშნულს ჯანდაცვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავდა, სულ მცირე, 140 ადამიანი.

ამასთან, პენტაგონის ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 12 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო დაშავებულია, სულ მცირე, 15. მათივე განცხადებით, 14 აგვისტოდან 104 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს, მათ შორის, 66 ათასზე მეტი აშშ-ს, ხოლო 37 ათასზე მეტი მათი მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებით. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ავღანეთში ამ ეტაპზე, დაახლოებით, 1 000-მდე ამერიკელია დარჩენილი.

აფეთქების შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ ევაკუაციის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. პროცესს არ გააჩერებს დიდი ბრიტანეთი.

ქაბულის აეროპორტთან აფეთქება დღეს, 26 აგვიტოს მოხდა. სამი ამერიკელი ჩინოვნიკის განცხადებით, ეს თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმა იყო. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც აეროპორტის შესასვლელთან ავღანელი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც აეროპორტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ.

წაიკითხეთ ასევე: