ქაბულის აეროპორტის წინ, ერთ-ერთ შესასვლელ კარიბჭესთან აფეთქებაა. სამი ამერიკელი ჩინოვნიკის განცხადებით, ეს თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმაა. აფეთქებამაშინ მოხდა, როდესაც აეროპორტის შესასვლელთან ავღანელი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც აეროპორტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ.

შეერთებული შტატების საელჩომ ქაბულში ახლახანს გააგზავნა გაფრთხილება, რომელშიც ნათქვამია, რომ მოქალაქეები, ვინც ახლა იმყოფებიან აეროპორტის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და Abbey-შესასვლელებში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ხამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტი.

"მძლავრი აფეთქება მოხდა აეროპორტში და არის ცნობები სროლის შესახებ", — ნათქვამია უსაფრთხოების განგაშის შეტყობინებაში.

თეთრი სახლის ოფიციალური პირი ამბობს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ინფორმირებულია აფეთქების შესახებ.

დღეს, 26 აგვისტოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტზე, საიდანაც იმ ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს, ვისაც ქვეყანაში დარჩენით საფრთხე ემუქრებათ, ISIS-ის თვითმკვლელი მებრძოლები ტერაქტს გეგმავდნენ. ამის გამო, აშშ-მა და მოკავშირეებმა ქაბულის აეროპორტის დატოვებისა და არმისვლისკენ მოუწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ თალიბანი 31 აგვისტომდე აეროპორტის უსაფრთხოების გარანტიას იძლეოდა, დასავლეთი მიიჩნევდა, რომ ISIS-ის მოსალოდნელი ტერაქტის საფრთხის უგულვებელყოფა არ შეიძლებოდა.