საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია იმედის მიერ ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე უარის თქმას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს "ძალიან კარგია".

"ძალიან კარგია, ეს არის დადასტურება პირდაპირ, ნახეთ, უსმინეთ მათ, მათ ტელევიზიებს და მათ პოლიტიკოსებს, გვაბრალებენ ჩვენ ყველაფერს, იმას, რასაც თვითონ სჩადიან, სჩადიოდნენ, როგორც ფიზიკურად, ასევე, ახლა ვერბალურად, ძალადობა და ეს ზიზღი და ეს აგრესია მათგან მომდინარეობს. ამის ნათელი მაგალითია მთავარი არხი და მისი სატელიტი ტელეკომპანიები, რომლებიც პირდაპირ ეწევიან სიძულვილის პროპაგანდას და კამპანიას", — აცხადებს ღარიბაშვილი.

ტელეკომპანიამ იმედმა დღეს, 25 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამას ეთერში არ გაუშვებენ, ამის მიზეზად კი სიძულვილის ენა დაასახელეს. განცხადების მიხედვით, ევროპული საქართველო პირველი პარტიაა, რომელსაც იმედი ეთერს არ დაუთმობს.

"ტელეკომპანია "იმედი" სიძულვილის ენის შემცველი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს რეკლამა. პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც "იმედის" ეთერში გასვლისთვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის "ევროპული საქართველო". არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე და ამის შესახებ წერილობით რამდენიმე წუთში აცნობებს "ევროპულ საქართველოს". "ტელეიმედის" საეთერო დრო სიძულვილის ენის ტირაჟირებას არ დაეთმობა", — წერია იმედის განცხადებაში.

პარტიაში ტელეკომპანიის განცხადების საპასუხოდ სამართლებრივი ზომების მიღებას აანონსებენ. გიგა ბოკერია იმედის გადაწყვეტილებას "კანონის უხეშ დარღვევად" აფასებს, რადგან კანონი ყველა ტელევიზიას პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვებას პოლიტიკური ცენზურის გარეშე ავალდებულებს.