მონაცემების მიხედვით, რომელიც კვირას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა, აჩვენა, რომ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ორჯერ არიან აცრილნი, Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფიცირებისა და მძიმე ავადმყოფობის წინააღმდეგ დაცვა 60 წლის და უფრო ასაკიან მოსახლეობაში.

მონაცემები სამინისტროს ვაქცინების ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრაზე გასული კვირის ხუთშაბათს განიხილეს და ვებგვერდზე კვირას გამოაქვეყნეს. კვლევის ყველა დეტალი ჯერჯერობით ცნობილი არაა.

გასულ კვირას ცალკე სტატისტიკა გამოაქვეყნა ისრაელის Maccabi ჯანდაცვის პროვაიდერმა — ერთ-ერთმა იმ რამდენიმე ორგანიზაციიდან, რომლებიც კორონავირუსის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინის გამაძლიერებლებს იყენებენ.

ისრაელის KI და გერტნერის ინსტიტუტების მიერ მოწოდებული სტატისტიკის საფუძველზე სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 60 წლის და უფრო ასაკიან ადამიანებში მესამე დოზის მიღებიდან 10 დღის შემდეგ ინფექციის წინააღმდეგ დაცვა 4-ჯერ, მძიმე ავადმყოფობის და ჰოსპიტალიზაციისა კი — 5-6-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებმაც მხოლოდ ორი დოზა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ასაკობრივი ჯგუფი განსაკუთრებით მოწყვლადია COVID-19-ის მიმართ და ისრაელში გასული წლის დეკემბერში ვაქცინაციის პროცესი სწორედ ამ ჯგუფის აცრით დაიწყო.

ისრაელმა 60 წელს ზემოთ ადამიანების მესამე დოზით აცრა 30 ივლისიდან დაიწყო. გასული კვირის ხუთშაბათს მათ მესამე დოზისთვის დასაშვები ასაკი 40 წლამდე დაწიეს და მისი მიღება შესაძლებელი გახადეს 40 წელს ქვემოთ ორსული ქალებისთვის, მასწავლებლებისთვის და ჯანდაცვის სფეროში მომუშავეებისთვისაც. გარდა ამისა, მესამე დოზის მიღება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც მეორე დოზა მინიმუმ 5 თვის წინ გაიკეთა.

კანადაში, აშშ-ში, გერმანიასა და საფრანგეთში უკვე დაიწყო მესამე დოზის მიღების წამახალისებელი კამპანიები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.