30 წლის სპენსერ ელდენი ცნობილ ამერიკულ როკ-ჯგუფ Nirvana-ს პორნოგრაფიისთვის უჩივის. ელდენი ჯგუფის ყველაზე ცნობილი ალბომის Nevermind-ის გარეკანზე სრულიად შიშველია გამოსახული. ელდენმა სარჩელი 24 აგვისტოს ლოს-ანჯელესის სასამართლოში შეიტანა.

ელდენი ალბომის შექმნაში ჩართულ ადამიანებსა და ჯგუფის წევრებს — ჯამში 17 პირს ბრალად წინასწარ შეცნობით ბავშვის პორნოგრაფიის შემცველი მასალის ფლობას, გავრცელებასა და კომერციული მიზნებისთვის გამოყენებას სდებს. ელდენი თითოეული მოპასუხისგან $150 000-ის გადახდას ან სასამართლოს მიერ გამოთვლილი და დადგენილი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

ელდენის თქმით, ამ ფაქტმა მას "ცხოვრებისეული ტკივილი" მიაყენა, რადგან მისი სახელი სამუდამოდაა დაკავშირებული აღნიშნულ ფოტოსთან.

ელდენის მიერ სარჩელის შეტანას ინტერნეტში უამრავი რეაქცია მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმეტესობა მას აკრიტიკებს. მათი თქმით, ელდენმა პოპულარული ფოტო რამდენჯერმე გააცოცხლა, ალბომის სახელის მიხედვით ტატუც აქვს და ფოტოს წყალობით შემოსავალიც მიიღო.

გთავაზობთ ინტერნეტის გამორჩეულ რეაქციებს:

1. "ეს კაცი, რომელიც ნირვანას ბავშვის პორნოგრაფიისთვის უჩივის იმიტომ, რომ საკულტო ალბომის გარეკანზე გამოსახული ბავშვია, ნამდვილად სიამოვნებით იმეორებდა ამ "ტრავმას".

2. "წარმოიდგინე, რომ ნირვანას ალბომის, Nevermind-ის გარეკანზე გამოსახული ბავშვი ხარ, შემდეგ მკერდზე Nevermind-ის ტატუს იკეთებ და ალბომის 25 წლისთავის აღსანიშნავად პოზიორობ მხოლოდ იმისთვის, რომ მოგვიანებით ჯგუფს სექსუალური ესქპლუატაციისთვის უჩივლო".

3. "ამდენი წელი გავიდა და ის ისევ ბავშვია, რომელიც დოლარის კუპიურას მისდევს".

4. "ნირვანას ბავშვს სარჩელი შეაქვს მას შემდეგ, რაც წლებია ეს ტიპია".

5. "ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ვარ, რომ ნირვანას ალბომის გარეკანმა ზუსტად იწინასწარმეტყველა, თუ რას გააკეთებდა ეს ბავშვი 30 წლის შემდეგ".

6. "ის ბავშვობაში გადაღებული შიშველი ფოტოს ასლებს ავტოგრაფით ყიდიდა, ამიტომ თუ დაამტკიცებს, რომ ეს ბავშვის პორნოგრაფიის შემცველი მასალაა, მაშინ მისი გაყიდვისა და გავრცელებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება".

7. "არავის ეცოდინებოდა, რომ ეს ბავშვი თვითონაა, თავად რომ არ ეუბნებოდეს ყველას".

ამავე თემაზე: