ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 593,09 მილიონი ლარით გაიზარდა და პირველი აგვისტოსთვის 35,12 მილიარდი ლარი შეადგინა.

სებ-ი დეპოზიტების სტატისტიკის დათვლისას ბანკებში სხვადასხვა ვალუტაში განთავსებულ ანაბრებს ლარში აკონვერტირებს. შესაბამისად, დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების გამოვლენისას გასათვალისწინებელია ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ფაქტორი.

ივლისში, ივნისთან შედარებით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 1,72%-ით გაიზარდა, თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდა 2,41%-ია. როგორც ცნობილია, ივლისში, ივნისთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით, საშუალოდ, 1,3%-ით გამყარდა.

როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ხდება ცნობილი, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები შემცირდა 471,45 მილიონი ლარით, ანუ 2,93%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2,27%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 1,06 მლრდ ლარით, ანუ 5,77%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდა 6,49% იყო).

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ლარში დაბანდებული დეპოზიტების მოცულობა 39,99% იყო. ეს მონაცემი პირველ ივლისთან შედარებით 0,008 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

ამასთან, ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,45% შეადგინა. ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 10,23%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0,91% იყო.