ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, Wizz Air მზადაა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებებით ახალი ავიარეისები დაამატოს. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვრივიშვილი უნგრული ავიაკომპანიის ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა და ახალი მიმართულებების დამატებაზე სწორედ ამის შემდეგ ისაუბრა.

"გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, რა დროსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატება განვიხილეთ. ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე უკვე მიმდინარე წელს ვიხილავთ WizzAir-ის ახალ მიმართულებებს ქუთაისის აეროპორტში, რასაც ძალიან პოზიტიური ზეგავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის დინამიკის ზრდაში და რაღა თქმა უნდა, ავიაციის სექტორის გაძლიერებაში", — აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, WizzAir-ის ტოპ მენეჯმენტი საქართველოში ქართული მხარის მოწვევით იმყოფება. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი და ადგილზე გაეცნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე სარკინიგზო სადგურის მიმდინარე სამშენებლო პროცესს, რომელიც მალე დასრულდება.