2013 წელს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიტკომი ოფისი მე-9 სეზონით დასრულდა. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ძველი ფილმების, ანიმაციებისა და სერიალების ხელახლა გადაღება სულ უფრო პოპულარული ხდება, რა თქმა უნდა, ოფისის გულშემატკივრებსაც გაუჩნდათ კითხვა, შეიძლებოდა თუ არა მომავალში ჩვენი საყვარელი ისტორია ხელახლა გვენახა.

NBC-ის სერიალის მომავალზე კომპანიის წარმომადგენელს სიუზენ როვნერს გულშემატკივრებისთვის დამაიმედებელი პასუხი აქვს. როვნერმა გამოცემა Deadline-ს განუცხადა, რომ NBC მზადაა, სერიალის ხელახლა გადაღებაში ჩაერთოს, თუმცა ამისათვის სერიალის პროდიუსერის, გრეგ დენიელსის თანხმობა და პროექტში მონაწილეობაა საჭირო.

გრეგ დენიელსმა ამერიკული ოფისი ბრიტანული ოფისის მიხედვით შექმნა, რომელიც 2001-2003 წლებში გადიოდა და სულ რაღაც 2 სეზონი აქვს. გრეგ დენიელსმა წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ამჟამად სხვა პროექტებითაა დაკავებული, თუმცა გამოცემა Collider-თან საუბარში აღნიშნა, რომ სერიალის ხელახლა გადაღება შეუძლებელი არაა.

"ეს შეუძლებელი არაა. მინდა, რომ ამაში ჩავერთო, თუმცა ამჟამად ორ სხვა შოუზე ვმუშაობ", — ამბობს დენიელსი.

ვიხილავთ თუ არა ჩვენს საყვარელ პერსონაჟებს, კომპანია Dunder Mifflin-სა და სერიალის ახალ ვერსიას, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

ამავე თემაზე: