"მგონია, რომ თავადაც არ სჯერათ ამ განცხადების, რასაც ამბობენ", — ასე პასუხობს ომბუდსმენი ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ლომჯარია ნაციონალური მოძრაობის დავალების შემსრულებლად ან შეცდომაში შეყვანილად მოიხსენია, კოვიდვითარებიდან გამომდინარე არჩევნების გადადების საჭიროებაზე საუბრის დაწყების გამო.

ნინო ლომჯარიამ დღეს ჟურნალისტების კითხვის პასუხად თქვა, რომ საუბარია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე და ამ კონტექსტში პოლიტიკურ ინტერესებზე საუბარი ამორალურად მიაჩნია.

"კითხვას დავუსვამდი — რა შუაშია ნაციონალური მოძრაობა, ან ქართული ოცნება. საერთოდ რა შუაშია ან რომელიმე პოლიტიკური პარტია ან მისი ინტერესები, როდესაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ვსაუბრობთ. დღეს ვსაუბრობთ იმაზე, თუ არჩვენებს არ ჩავატარებთ, დიდი ალბათობით, უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანების სიცოცხლე და თუნდაც ძალიან მცირე რამ გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დაღუპულთა რაოდენობა. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსების მხრიდან რაღაც პოლიტიკურ მხარეობაზე აპელირება არის სრულიად წარმოუდგენელი. არ მინდა, ვიხმარო ეს სიტყვები, მაგრამ ნამდვილად ამორალურია დღეს ეს საუბარი მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ სიკვდილ-სიცოცხლეზე და ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღეში 60-70 ადამიანი გვეღუპება", — განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ როცა ქვეყანაში დღიურად 60-70 ადამიანი იღუპება და მოქალაქეთა სათანადო რაოდენობა ვაქცინირებული არ არის, არ შეიძლება, "ყველაფერი იყოს ღია". მისი თქმით, ეპიდვითარების დასტაბილურებამდე, საჭიროა რეგულაციების გამკაცრება და არჩევნების გადადებაზე ფიქრი. ქართული ოცნება არჩევნების გადადებაზე უარს ამბობს. მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა მაინც მოუწევს. ომბუდსმენზე კი თქვა, რომ "ლომჯარიას კარგად ვიცნობ და არ მინდა დავაბრალო, რომ ნაცმოძრაობის გარე სპიკერი აღმოჩნდა". .