ყველა დროის ერთ-ერთი საკულტო ფილმის მატრიცის მე-4 ნაწილის გადაღების შესახებ გულშემატკივრებმა ჯერ კიდევ 2019 წელს შეიტყვეს. როგორც იქნა, კიანუ რივზი, კერი ენ მოსი და რეჟისორი ლანა ვაჩოვსკი ჩვენს საყვარელ სამყაროში ხელახლა გვეპატიჟებიან.

CinemaCon-ზე გამართულ პრეზენტაციაზე Warner Bros-მა გულშემატკივრებს ნანატრი ფილმის შესახებ სიახლეები გაუმხილა. მატრიცას მე-4 ნაწილის სახელი The Matrix: Resurrections იქნება და ფილმის პრემიერა 22 დეკემბერსაა დაგეგმილი.

CinemaCon-ზე დამსწრე საზოგადოებას ახალი ფილმის ტრეილერიც წარუდგინეს, რომელიც ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არაა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრეილერი ნილ პატრიკ ჰარისისა და კიანუ რივზის საუბრით იწყება, რომელშიც რივზის პერსონაჟი ნეო ფსიქოლოგს ეკითხება: "გავგიჟდი?"

ტრეილერში კერი ენ მოსის ტრინიტისაც ვხვდებით და ცნობილ ლურჯ აბებსაც. როგორც ჩანს, მეოთხე ნაწილში არც მატრიცისთვის დამახასიათებელი შთამბეჭდავი საბრძოლო სცენები მოგვაკლდება.

ღონისძიებაზე ტრეილერის გაშვებამდე კიანუ რივზმა და კერი ენ მოსმა იმაზე ისაუბრეს, თუ როგორ შეცვალა პირველმა ფილმმა მათი ცხოვრება.

მატრიცა ეკრანებზე პირველად 1999 წელს გამოვიდა და პოპულარულობას დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად რჩება. ფილმის მე-2 და მე-3 ნაწილები 2003 წელს გამოვიდა. 18-წლიანი ლოდინის შემდეგ კი, როგორც იქნა, ნეოსა და ტრინიტის კიდევ ერთხელ შევხვდებით.

ამავე თემაზე: