თამერების ოჯახი ოფისში გავიცანით. ალი, ნაჯლაა, აბდულაჰი და ელიასი ნაშუადღევს მოვიდნენ. ჩვენი ეზო მოეწონათ და ინტერვიუს ჩაწერაც იქ გადავწყვიტეთ. ნაწილობრივ ეს კოვიდრეგულაციების დაცვას უკავშირდებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ ბუნება და სიმწვანე ძალიან უყვართ და იქ ყოფნა ამიტომ არჩიეს.

ინტერვიუ მხოლოდ ალისთან გვქონდა შეთანხმებული. ინგლისურის არცოდნის გამო ნაჯლაას ლაპარაკი არ სურდა, მაგრამ მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ქართული ესმის და ენას სწავლობს, ამიტომ ისიც გვესაუბრა.

თამერები მხიარულები და ენერგიულები აღმოჩნდნენ. აბდულაჰი 7 წლისაა. ინტერვიუს პროცესი დიდად არ მოეწონა და სხვა გასართობი იპოვა. 6 თვის ელიასი კი ჯერ კომფორტულად მოკალათდა პუფში, შემდეგ დედასთან გადაინაცვლა, ბოლოს დაღლილმა და შეწუხებულმა მამის ყურადღება მოითხოვა. სანამ ერთი მშობელი ალიასს ართობდა, მეორე გვიყვებოდა, რატომ დატოვეს ერაყი და როგორ ცხოვრობენ საქართველოში.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ცხოვრება ერაყსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

წარმოშობით ერაყიდან არიან, თუმცა იქ მათი ოჯახის წევრები აღარ ცხოვრობენ. საფრთხისა და გაუსაძლისი პირობების გამო ქვეყანა დატოვეს. ჯერ დუბაიში სცადეს დამკვიდრება, მოგვიანებით კი საქართველო აღმოაჩინეს.

აქ თავდაპირველად ალის დედა ჩამოვიდა, დაახლოებით 8 წლის წინ. შემდეგ, 4 წლის წინ, ნაჯლაა. მისი ქმარი, ალი ამ დროს დუბაიში ცხოვრობდა. ეტაპობრივად საქართველოში წამოვიდნენ ალის მამა, ბიძები და სხვა ნათესავებიც, ყველაზე გვიან კი ალი. გვიყვება, რომ კორონავირუსის ეპიდემიას სულ რამდენიმე თვით ჩამოასწრო. პანდემიურ საქართველოში მოუწია ცხოვრება, მაგრამ მაინც კმაყოფილია — აქ უფრო თავისუფლად სუნთქავს და შიშში არ ცხოვრობს.

თამერები ერაყიდან 2003-2004 წლებში წამოვიდნენ, მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვიანი შუალედით ალის მამა და ბიძა გაიტაცეს.

"მამაჩემი 2 თვე ტყვეობაში ჰყავდათ. მისი წამების კადრებს მიგზავნიდნენ. გამოსასყიდს მილიონ დოლარს გვთხოვდნენ. სანამ გამოვიხსენით, ძალიან აწამეს. ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ ალ-ქაიდას წევრებმა ბიძაჩემი გაიტაცეს", — ამბობს ალი და ამატებს, რომ ეს გრძელი ისტორიაა და დეტალებზე აღარ საუბრობს.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ერაყიდან მისი მეგობრების 95% გაიქცა და თავი უსაფრთხო ქვეყანას შეაფარა. იქ დარჩენილი ნაცნობებისგან კი სულ ესმოდათ, რომ ერაყში ვიღაც მოკლეს ან გაიტაცეს.

"სანამ იქ ცხოვრება უსაფრთხო არ იქნება, როგორ უნდა დავბრუნდე. ერაყი დიდი ხანია ის ქვეყანა აღარ არის, სადაც მე გავიზარდე", — ამბობს ის.

უსაფრთხოების მიზნით, თამერების ოჯახი თავდაპირველად დუბაიში ჩავიდა და იქ დაახლოებით 15 წელი იცხოვრა, თუმცა სამუდამოდ დარჩენა არც სურდათ და არც შეეძლოთ. ალი ამბობს, რომ დუბაიში ცხოვრება საკმაოდ ძვირია და ოჯახის შესანახად რამდენიმე ადგილას მუშაობაა საჭირო. გარდა ამისა, არც ადგილობრივი ჰავა და ბუნება მოსწონდათ. ჩივის, რომ წვიმა იშვიათად და მხოლოდ ერთი საათით იყო, მთელი წელი კი ზაფხული ჰქონდათ — ცივი და ცხელი.

თამერების საქართველო

ალი და ნაჯლაა გვეუბნებიან, რომ აქ ჩამოსვლის მთავარი მიზეზი ცხოვრების სიმარტივეა. რაც შეეხება საქართველოსა და ერაყს შორის არსებულ განსხვავებებს, როგორც გვიყვებიან, ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია, რადგან ცხოვრების სტილის მსგავსი აღმოჩნდა.

"ადაპტაციის სირთულე არ გვქონია, ძალიან რელიგიურები არ ვართ. ნომერ პირველი სირთულე ენაა — საქართველოში 4-5 წლის ბევრად ნაკლები ადამიანი საუბრობდა ინგლისურად, ახლა უფრო უკეთესი სიტუაციაა ამ კუთხით.

თუმცა, საავადმყოფოში ახლაც ვაწყდებით დაბრკოლებებს. მარტივად ვერ ვუხსნით კლინიკის პერსონალს. ძირითადად, მესამე პირი გვჭირდება, რომელიც თარჯიმნობას გვიწევს ან Google Translate-ის დახმარებით ვუხსნით, რა გვჭირდება", — ამბობს ალი.

ოჯახმა გადაწყვიტა ქართული ენა ესწავლა. ნაჯლამ კურსები გაიარა და სერტიფიკატიც აიღო. ამბობს, რომ ქართულად საუბარი უჭირს და რცხვენია კიდეც, თუმცა უკვე აქვს საყვარელი ფრაზები. განსაკუთრებით სიტყვა "ლამაზი" მოსწონს. სწორედ ასე ახასიათებს საქართველოს ბუნებას და ქართველ ხალხსაც.

გასაკვირი არ არის, რომ ქართულ კერძებზეც ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ თამერებს საქართველოს ბევრი კუთხე აქვთ მოვლილი და ადგილობრივ სამზარეულოს კარგად იცნობენ, განსაკუთრებით კი ხაჭაპური უყვართ, რომელსაც ყველიან პურს უწოდებენ.

ოჯახი საქართველოს ბუნებით იმდენად არის მოხიბლული, რომ ყველას ურჩევს აქ იმოგზაუროს. ამბობენ, რომ აქ სახლში ყოფნა შეუძლებელია, რადგან ნებისმიერ ადგილას შეიძლება ნახო რამე ისეთი, რაც გაგაოცებს. უკვე მოინახულეს კახეთი, ბორჯომი, გუდაური, მარნეული, მცხეთა, ბაზალეთისა და ანანურის ტბები.

"დუბაი ძალიან ლამაზია, მაგრამ იქ ბუნება არაა, ყველაფერი ხელოვნურია — ბაღებიც ადამიანის შექმნილია, განსხვავებით საქართველოსგან, რომლის სილამაზეც ღმერთის შექმნილია. თბილისში ან თუნდაც ქალაქგარეთ თუ წახვალ, ბევრ რამეს ნახავ. აქ არის ზღვა, ჩანჩქერი, მდინარე, თოვლი, მთები. ყველაფერია და მარტივია საცხოვრებლად", — თქვა ალიმ.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ნაჯლაა გვიამბობს, რომ აქ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და მეგობარიც ბევრი ჰყავს — როგორც ერაყელი, ასევე ქართველი. მისი თქმით, საქართველოში ცხოვრების სიმარტივე განპირობებულია იმითაც, რომ ქალებს მეტი უფლებები აქვთ, ვიდრე ერაყში.

მოსწონს, რომ ხალხი ქუჩაში უღიმის და მაღაზიაში კარგი რძისა და თაფლის ყიდვა შეუძლია. როგორც აღმოჩნდა, ეს ორი პროდუქტი განსაკუთრებით უყვარს.

ოჯახი ამბობს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა არ უგრძვნიათ და მათ მიმართ ყველა კეთილგანწყობილია. დაბრკოლებები არც საბუთების აღებისას შექმნიათ და ბინადრობის მოწმობა აქვთ.

მეტი ინტეგრაციისთვის უფროსი შვილი, აბდულაჰი ქართულ სკოლაში დაჰყავთ. აბდულაჰი მორიდებულია, თუმცა ქართულად რამდენიმე სიტყვა მაინც გვითხრა. მშობლები ამბობენ, რომ სკოლაში თავს კარგად გრძნობს და მეგობრები ჰყავს, თავად კი სხვა მოსწავლეების მშობლები გაიცნეს და მათთან მეგობრობენ.

თამერებს საქართველოში დარჩენა სურთ და ბევრი გეგმა აქვთ. ერთ-ერთია საქართველოში ბიზნესის დაწყება, მაგრამ პანდემიისას არსებული არასტაბილური ეპიდ და ეკონომიკური ვითარების გამო, ოჯახი ახალი საქმის დაწყებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს. ერთი, რაც ზუსტად იციან, არის ის, რომ ყოველ თავისუფალ წუთს გამოიყენებენ საქართველოს დასათვალიერებლად.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ინტერვიუს დასასრულს ელიასმა მოიწყინა და მშობლების ყურადღება მოითხოვა. სანამ მამა სუპერმენს ეძახდა და ხელში აფრიალებდა, კმაყოფილი იყო, მაგრამ როცა ინტერვიუს გაგრძელება ვცადეთ, ისევ გააპროტესტა. თამერებთან დამშვიდობება მოგვიწია. წასვლამდე გვითხრეს, რომ მოხარულები არიან საკუთარი ისტორიის გაზიარებით და იმედი აქვთ, მათი თანამოქალაქეებიც შეძლებენ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.