South China Morning Post-ზე დაყრდნობით, ჩინეთი "ძალიან დიდი კოსმოსური ხომალდის" აგებაზე მუშაობს, რომელიც იმდენად დიდი იქნება, რომ კილომეტრებსაც კი გადაფარავს.

პროექტამდე კიდევ მრავალი წელი გვაშორებს, თუმცა ჩინეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ეროვნული ორგანიზაცია მეცნიერებთან ერთად ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ უნდა აიგოს ესოდენ დიდი სტრუქტურა ორბიტაში.

წამოწყება ძალიან დიდია, თუმცა უკანასკნელ წლებში ქვეყნის კოსმოსური პროგრამის დიდი წარმატების გათვალისწინებით, შესაძლოა ჩინეთი სწორედაც ის ერთადერთი აღმოჩნდეს, რომელიც ამას ნამდვილად გაუმკლავდება.

SCMP-ზე დაყრდნობით, გიგანტური სტრუქტურის მიზანი ის იქნება, რომ პლატფორმას კოსმოსში უფრო მეტი დროის დახარჯვაში დაეხმაროს. ეს ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ხუთი პროექტიდან ერთ-ერთია, თითოეული მათგანი კი დაახლოებით 2,3 მილიონ დოლარს მიიღებს.

"ასეთი კოსმოსური ხომალდი დიდი სტრატეგიული საავიაციო-კოსმოსური აღჭურვილობაა კოსმოსური რესურსების სამომავლო გამოყენებისთვის, სამყაროს საიდუმლოებათა კვლევისა და ორბიტაზე ხანგრძლივი დროით დარჩენისთვის", — იკითხება ორგანიზაციის პროექტის მონახაზში.

თავისთავად, ამ ზომის კოსმოსური ხომალდის გაშვება მხოლოდ ერთი რაკეტით შეუძლებელი იქნება. მონახაზის მიხედვით, კოსმოსში შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა მოდული გაიგზავნოს და მასიური სტრუქტურაც ასე გამართონ ორბიტაზე.

როგორც იტყობინებიან, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მასის კონტროლი იქნება, ამავდროულად კი იმასაც უზრუნველყოფენ, რომ ორბიტამდე მიმავალ გზაზე არაფერი გატყდეს.

ეს ძალიან ამბიციური პროექტია, რომელიც მეტნაკლებად სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენს — სხვა თუ არაფერი, 2021 წლისთვის მაინც. თუმცა, ისტორიულ მაგალითს რომ მივადგეთ, საერთაშორისო კოსმოსური სადგური ამტკიცებს, რომ ორბიტაში უფრო და უფრო დიდი ობიექტების დაყენება მართლაც პერსპექტიულია.

ახალი საქმის წამოწყებამდე ჩინეთი უკვე მუშაობდა თავის Tiangong-ის კოსმოსურ სადგურზე. მისი პირველი მთავარი მოდული უკვე ორბიტაზეა და ოთხ ჩინელ ასტრონავტს მასპინძლობს, რომელთაც მალე სხვა დამატებითი მოდულები და ეკიპაჟის წევრებიც შეუერთდებიან.

მათი მოლოდინით, Tiangong-ი დაახლოებით 100 ტონიანი იქნება, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) მასის დაახლოებით მეოთხედი.

ამ შემთხვევაში, სიდიდის რამდენიმე წყებით გაზრდა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.