ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, სახალხო დამცველი ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გარე სპიკერად ჩამოყალიბდა.

"სახალხო დამცველი, ისევე, როგორც არაერთი პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს, გარე სპიკერებად ჩამოყალიბდნენ იმ ინტერესების, რაც ნაცმოძრაობას გააჩნია, უპერსპექტივოს არჩევნებში. სახალხო დამცველსა და ყველა სხვას მართებს საგანგებოდ სიღრმისეული კონსულტაციების გავლა ამ საკითხთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებთან და არა პოლიტიკურ მოღვაწეებთან და პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებსაც თავისი ინტერესი გააჩნიათ", — განაცხადა ვოლსკიმ.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ როცა ქვეყანაში დღიურად 60-70 ადამიანი იღუპება და მოქალაქეთა სათანადო რაოდენობა ვაქცინირებული არ არის, არ შეიძლება, "ყველაფერი იყოს ღია". მისი თქმით, ეპიდვითარების დასტაბილურებამდე, საჭიროა რეგულაციების გამკაცრება და არჩევნების გადადებაზე ფიქრი.