სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პანკისში დაკავებული 5 პირი ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანდა და გეგმავდა სირიაში, ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. გარდა ამისა, სუს-ის ინფორმაციით, ისინი ქუჩაში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას.

"გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში და გეგმავდნენ სირიაში — ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან.

ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას", — აცხადებენ სუს-ში.

სუს-ის ინფორმაციით, გამოიკვეთა პირი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენელი და საქართველოს ემირია. უწყების ცნობით, დაკავებულები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაციაში.

"ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს", — აცხადებენ სუს-ში.

სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე პანკისში მცხოვრები საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.