ეპიდვითარების გაუარესების გამო საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეგულაციები დაგვიწესა. მაშინ, როცა სახალხლო დამცველი ეპიდვითარების გამო არჩევნების გადადების აუცილებლობაზე, ოპოზიციის ნაწილი კი რეგულაციების გამკაცრების საჭიროებაზე საუბრობს, საბჭომ კვების ობიექტებს სამუშაო დრო ერთი საათით შეუმცირა და თამაშებზე დასწრება აკრძალა.

  • ხვალიდან, 25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა დასაშვები იქნება 22:00 საათამდე;
  • სპორტულ ღონისძიებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

"მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმში ახალ სტადიონზე დაგეგმილი საქართველოსა და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე. იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებებზე", — განაცხადა საბჭოს შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ.

კითხვაზე, განიხილეს თუ არა საბჭოზე არჩევნების გადავადება ეპიდვითარების გამო ან განიხილავენ თუ არა მომავალში, ღიბრაძე პასუხობს:

"მომავალში რა მსჯელობა იქნება, მაგის შესახებ ნამდვილად ვერ მოგახსენებთ, აღნიშნულ ეტაპზე მსგავსი საკითხი არ განიხულა".

მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისას, მიდის მსჯელობა იმაზე, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მას და სამომავლო შეზღუდვებზე გადაწყვეტილებას სიტუაციის შესაბამისად მიიღებენ.

"მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ ნებისმიერი საბჭოს სხდომაზე ხდება განხილვა ეპიდსიტუაციიის და ხდება იმ ზომების შემოღება, რომელიც იმ მომენტში არის შესაძლებელი და რომელსაც შეუძლია გარკვეული შედეგი გამოიღოს", — განაცხადა მან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავარაუდოდ, საჭირო გახდება რეგულაციების გამკაცრება.

"დღეს ამ ეტაპზე მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ კიდევ სხვა გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. მთავარი არის ის, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, დავიცვათ ის, რაც არსებობს და კიდევ ერთხელ ყველას გთხოვთ, რომ 50%-ზე ვართ დასული პირბადის ტარებით. ყველაზე ძლიერი რეგულაცია გახლავთ პირბადე. ყველამ ვატაროთ პირბადე, წავიდეთ და ავიცრათ", — განაცხადა გამყრელიძემ.